მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ იმოქმედონ და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიის, პლურალიზმის და პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის გაუქმება ნიშნავს არა მხოლოდ პარტიის, არამედ მისი ამომრჩევლის მიერ გამოხატული პოლიტიკური ნების გაუქმებას.
„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ „ძლიერი საქართველო – ლელო“ ინტენსიურად მუშაობს თითოეული თქვენგანის ინტერესების და თქვენი არჩევანის უფლების დასაცავად საკონსტიტუციო სარჩელის კვალდაკვალ, რომლის დაკმაყოფილებაც უდიდეს ზარალს მიაყენებს საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამ მიზნით დღეს „ძლიერი საქართველო – ლელო“ ოფიციალური საგარეო კომუნიკაციით მიმართავს ევროპული კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ გამონახოს ყველა შესაძლებლობა და გზა, რომ დაეხმაროს ქართულ დემოკრატიას ამ მძიმე გასაჭირის დროს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმმა დაჩქარებულად გადაწყვიტა ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაცია.
ოფიციალურად მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ იმოქმედონ და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიის, პლურალიზმისა და პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით, საერთაშორისო პრაქტიკითა და გამოცდილებით დადგენილი ყველა ზომა და ნაბიჯი, რათა გაიზარდოს ზეწოლა ამ გარედან თავს მოხვეულ ანტიქართულ რეჟიმზე და დაცული იქნეს თავისუფლების და მშვიდობისმოყვარე ქართველი ხალხის ინტერესები.
დღეს მიმდინარე პროცესი არის რუსული რეჟიმის თავდასხმა სრულიად ქართველ ერზე, რადგან პოლიტიკური პარტიები ასახავენ ამ ერის, ქართველი ერის, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას – ასობით ათასი და, ჯამში, მილიონზე მეტი ქართველის არჩევანს. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის გაუქმება ნიშნავს არა მხოლოდ პარტიის გაუქმებას, არამედ მისი ამომრჩევლის მიერ გამოხატული პოლიტიკური ნების გაუქმებას, უარყოფას და, როგორც მინიმუმ, ერის ნახევრის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას.
ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები მოწმობს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს, მის ევროპულ მომავალს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბრძოლაში ისინი ამ მხარდაჭერის სიტყვებს აქცევენ რეალურ ქმედით დახმარებად, რადგან დღეს საქართველო იმყოფება ჰიბრიდული თავდასხმის ქვეშ და საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო კრიტიკული, ვიდრე დღეს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
იგი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ყველა წევრსა და მხარდამჭერს, რომ კარგად გაიაზრონ პასუხისმგებლობა და დანაშაული, რასაც ჩადიან ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
„ამავე დროს, მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ ყველა წევრსა და მხარდამჭერს, ამ სისტემის ყველა რგოლს, კარგად გაიაზრონ ის უმძიმესი პასუხისმგებლობა და დანაშაული, რასაც ახლა ჩადიან ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღეს დიქტატურის გაფორმებას აწერს ხელს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო ამ პროცესის ვერცერთი მონაწილე გაექცევა ვერც პოლიტიკურ და ვერც სამართლებრივ პასუხისმგებლობას, უმძიმეს პასუხისმგებლობას, რასაც მათ უდიდეს დანაშაულში თანამონაწილეობა აკისრებს.
ბრძოლა თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოსთვის არის ამ ერის ისტორიული ბრძოლა, რომელშიც ის არასდროს დამარცხებულა და არც ახლა დამარცხდება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.








