რეჟიმს სურს, საკუთარი პიარისთვის რაღაც ფორმატებში ყოფნა და ფოტოების გადაღება, მაგრამ არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მაკა ბოჭორიშვილს საერთო არაფერი აქვს ეროვნულ ინტერესებთან.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბოჭორიშვილი არის სამარცხვინო, ანტიქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც შიდა პოლიტიკური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება სცადა საერთაშორისო ასპარეზზე. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მაკა ბოჭორიშვილს და ამ რეჟიმს საერთო არაფერი აქვს ქართულთან, არაფერ ადეკვატურთან და ისინი ყოველთვის უტიფრად ახდენენ შიდა პოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზებას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს რეჟიმი თავისი არსით არის ანტიქართული, არასდროს ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. როდესაც აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობები არის განადგურებული, ეს რეჟიმი არაფერს აკეთებს, რომ ამერიკის მოთხოვნებს უპასუხოს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. რეჟიმი ცდილობს, რაღაც უღიმღამო, ვიწროპროფილური კონფერენციები შემოგთავაზოს პროპაგანდისტულ სალაფავად, რომელთაც ერი კმაყოფილი უნდა იყოს.
მისი თქმით, აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაწესებული აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას.
„სინამდვილე არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის დაწესებული აქვს ძალიან მკაფიო ფასი, კონკრეტული ნაბიჯების ნუსხა, რომელიც რეჟიმმა უნდა გადადგას სტაბილიზაციისთვის. ამ რეჟიმმა თქვა, რომ ისინი არ აპირებენ რუბიოს მოსმენას, არ აპირებენ არაფრის გაკეთებას და, შედეგად, ამ რეჟიმმა მოგცა, რომ უმთავრეს პარტნიორთან განადგურებულია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა. ამ ყველაფრის შედეგად ზარალდება ქართული ეკონომიკა, ქართული პოლიტიკა, საქართველო, როგორც სახელმწიფო. ვხედავთ, რომ რეჟიმი არ დგამს რეალურ ნაბიჯებს სტაბილიზაციისკენ. ეს აჩვენებს ყველაზე კარგად რეალურ მიდგომას. ამ რეჟიმს სურს, საკუთარი პიარისთვის რაღაც ფორმატებში ყოფნა და ფოტოების გადაღება, მაგრამ არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება; არაფერს აკეთებს, რომ მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ქართველ ხალხს მოუტანს კონკრეტულ სიკეთეს და გაუგებარია, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ამ ტიპის გამოსვლებმა საერთაშორისო კონფერენციებზე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტერიალი, რომელსაც 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მარკო რუბიომ გახსნა.









