გაუგებარია კითხვა, თუ რას შვრებიან ის პარტიები რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა სუს-ის სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, მე მაინტერესებს, ისინი რას შვრებიან, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია 4 ოქტომბრის ჭრილში არანაირი გეგმის შეთავაზებას არ აპირებს, რადგან ამის საჭიროება არ დგას.

„ჩემთვის გაუგებარია კითხვა, თუ რას შვრებიან ის პარტიები რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა სუს-ის სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, მე ის მაინტერესებს, ისინი რას შვრებიან, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში. ჩვენ ახალი გეგმა კი არა, იმის გააზრება გვჭირდება, 4 ოქტომბერს რა მოხდა. ჩვენ ვთავაზობდით კოლეგებს და ქართულ საზოგადოებას ალტერნატიული ქმედების გეგმას, იმავე 4 ოქტომბერს და ახალი გეგმის შეთავაზებას ამ ჭრილში არ ვაპირებთ, ამის არანაირი საჭიროება არ დგას. ჩვენ უკვე შევთავაზეთ, როცა ეს ავბედითი მოვლენები განვითარდა ალტერნატიული ქმედების გეგმა ბატონ პაატასაც და სხვა კოლეგებსაც საჯაროდ, ღიად საქართველოს ვუთხარით, რომ ეს იყო დღე როცა ყველა მსხვილ ქალაქში უნდა დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“. ეს იყო სრულიად შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი სუს-ის სპეცოპერაციებში მონაწილეობის ნაცვლად, რაციონალურ, პოლიტიკურ გზას დაადგებოდნენ, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. ამის შედეგები ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, საპირისპირო კითხვების დასმის ნაცვლად მოდი ყველამ გაიაზროს, ვის რა შეგვეშალა. მე არავის დადანაშაულება არ მინდა ცალკეულად, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, რომ ვინმეს მსგავს კითხვებს ვუპასუხო“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ „ოცნების“ „გადარჩევნები“, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ, ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ“.