ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება მორიგი სამარცხვინო მანიპულაციაა და მისი ერთადერთი მიზანი ხელისუფლების მიერ წარმოებული უსუსური და კაპიტულანტური პოლიტიკის გამართლებაა, - ამის შესახებ „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„კომიკურია, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ Reddit-ში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ამჟამად უკვე წაშლილია, რადგან ეს ფაქტებით მანიპულირება იყო და სერიოზული კრიტიკის საგნად იქცა.

სოცმედიიდან სტატისტიკის დაკოპირებისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ნაცვლად, ბატონ კობახიძეს ცოტა მეტი რომ ემეცადინა, ნახავდა იმავე ფოტოზე წყაროს ავტორად მოხსენიებული არნაუ გუარდიას წერილს, სადაც წერია: "რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ღირებულებით მაინც ოდნავ მაღალია, ვიდრე გასულ წელს, ენერგიისა და საქონლის ფასების ზრდის გამო".

ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების ფონზე, დღეს, როგორც არასდროს, შემცირებულია ყველა ფორმის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ინტერაქცია რუსეთთან. ამას მოწმობს ყველა ფაქტი და ციფრი, უპირველეს ყოვლისა კი გერმანიის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ისტორიულად შემცირება და გაქრობა.

ამასობაში, კობახიძე ურცხვად მანიპულირებს ციფრებით, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ვაჭრობის ზრდასთან", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისათვის, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.