განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.
მინისტრმა ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საფრანგეთსა და საქართველოს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებთ.
გივი მიქანაძის თქმით, ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით განათლების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
გივი მიქანაძემ საფრანგეთის ელჩს საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სამივე საფეხურზე თანამშრომლობის გაფართოების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის ინოვაციური პროექტების შეთავაზებაზე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებასა და საქართველოს სკოლებში ფრანგული ენის გაძლიერებაზე.
თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით, საქართველოში მოქმედი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.