ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავაფუძნეთ „გამარჯვების პლატფორმა“, შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია გამარჯვება. მესმის, ახლა ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა და მთელი ერის, ქართული ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რათა საქართველო იყოს ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გაერთიანების პირველი ეტაპი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში. ნახავთ ახალ ადამიანებს. ჩვენ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში ვართ. ხომ იცით, არ მიყვარს ზედაპირული მუშაობა, მიყვარს სისტემური მუშაობა, ასეთ მძლავრ დაგეგმვის ფაზაში ვართ. მეორე ეტაპი უკვე გაზაფხულზე იქნება. ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა – ქართველ ხალხთან ერთად დიდი გამარჯვების მოპოვება“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, „გამარჯვების პლატფორმა“ იქნება საერთო ეროვნული, სახალხო დიდი გამარჯვების პროცესი და იქნება პლატფორმა, სადაც ყველას შეუძლია, შემოვიდეს“.

„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინდივიდი შემოვიდეს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ჩვენ მათ ვუსურვებთ ასევე კონსოლიდაციას და გულწრფელად, ღიად გეტყვით, ახლა ასე სწრაფად ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ ყველას კონსოლიდაციისკენ. ამიტომ ყველასთვის გზა დაგვილოცია, საერთო დიდ გამარჯვებაში ყველა ერთად ვიქნებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, ითანამშრომლებენ თუ არა ნიკა მელიასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ნიკა მელიას საკითხი არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საკითხი“.

„მე ჩემს პოზიციას გეტყვით. ვფიქრობ, ნიკა მელიას ნამდვილად შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს რუსული საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლებაში. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ექნება თუ არა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და შეთანხმებს თუ არა მასთან გადაწყვეტილებებს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან მას აქამდეც ჰქონდა კომუნიკაცია.

„ვაპირებ, გავაგრძელო კომუნიკაცია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშას პარტია და მიხეილ სააკაშვილი დღეს არის სიმბოლო დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის რუსულ ტერორისტულ რეჟიმთან და მას აუცილებლად გავათავისუფლებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.