გვაქვს იმის აბსოლუტურად რეალისტური წარმოდგენა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდეთ, რაც გარანტია იქნება, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე ჩვენ სხვა პარტიებთან ლაპარაკს არ ვაპირებთ. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იქნება, რომ პირველი გაფართოების ფაზა გავაკეთოთ სექტემბერ-ოქტომბერში, სადაც შევეცდებით წარვადგინოთ ინდივიდები, რომლებიც არ არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში, მაგრამ აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეორე ასეთი გაფართოება იქნება გაზაფხულზე და შემდგომ უკვე საარჩევნო კამპანიისთვის ძალიან აქტიური მზადება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს გამოკვეთილი ჩვენი სტრატეგიული ხაზი თუ რას ვაპირებთ, ძალიან ბევრი აქტიური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, საინტერესო პროგრამებს წარვუდგენთ საქართველოს მოქალაქეებს და გვაქვს იმის აბსოლუტურად რეალისტური წარმოდგენა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდეთ, რაც გარანტია იქნება, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები პროდასავლურ ფლანგზე გამონახავენ საერთო ენას, კონსოლიდაცია მოხდება მათ შორისაც და ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი დააჩქარებს ამ პროცესს და მისცემს ტრენდს, რომ სხვებმაც დროულად ამ ვითარებაში ხალხს რაღაც იმედის ნაპერწკალი გაუჩინონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.