„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დღეს ბლოკავს 14 მილიარდს, რომელიც საქართველომ ევროპული ფონდებიდან უნდა მიიღოს და ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს.
ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას და ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
„14 მილიარდი, ეს არის ევროპული ფონდები. გაწევრიანების შემდგომ ჩვენ გვექნება წვდომა ამ ფონდებზე, რომლებიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, განათლებას, ჯანდაცვას, წარმოების და რეგიონულ განვითარებას. ეს არის ფონდები, რომლებიც სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში უნდა დაეხმაროს საქართველოს, რათა გავუთანაბრდეთ ეკონომიკური განვითარების სტანდარტს. ამ 14 მილიარდს დღეს ბლოკავს „ქართული ოცნება“. არ ვიღებთ არცერთ თეთრს მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას და შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი.
ეს არის ფონდები, რომლებიც ეხმარება ყველა კანდიდატ ქვეყანას, რათა გახდეს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ 14 მილიარდს მოვიტანთ საქართველოში. „ქართული ოცნება“ ბლოკავს ამ 14 მილიარდს. ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება. „ქართული ოცნება“ კიდევ მილიონ მიზეზს მოიძიებს, რატომ არ უნდა მოვიდეს ეს ფული საქართველოში. ჩვენ გეუბნებით, 26 ოქტომბერს მყისიერად ვიწყებთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ვასრულებთ ცხრა პუნქტს და ვიღებთ წვდომას 14 მილიარდზე. ეს არის მხოლოდ ნაწილი. ამ 14 მილიარდს მოჰყვება ბევრი ინვესტიცია, არ იქნება არცერთი რაიონი და რეგიონი, სადაც საწარმო არ გაიხსნება, სადაც ტექნოლოგიური მიმართულებით არ იქნება განვითარება, რომ შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.