„ბიბისის“ გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არ ინდობს საკუთარ ხალხს, ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

გიორგი სიორიძე გამოეხმაურა „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სათაურით – „ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროს ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.

„მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული მედიასაშუალების, „ბიბისის“ გამოძიება ცხადყოფს, რომ აქციების დარბევისას გამოყენებული იქნა ისეთი ქიმიური შემადგენლობა, რომელიც გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს და გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ არის აკრძალული. ასეთი რამ საქართველოში ბოლოს 9 აპრილს მოხდა, როდესაც აქციის დაშლის დროს აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენეს. კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც არ ინდობს საკუთარ ხალხს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისათვის: დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა.

დღესვე,"ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა განცხადება რომ აღნიშნული ბრალდების გამო BBC -ს წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.