არჩევნებამდე 3-4 კვირით ადრე ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევაზე გაცხადება პროპაგანდისტული ხრიკია. თეორიულად შესაძლებელია, მცირე, მოკლევადიანი მისია იქნეს წარმოდგენილი, რაც შეუძლებელს ხდის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს მოწვევის წერილით მიმართა.
„ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 18 ივნისს განაცხადა, რომ არ აპირებდნენ ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევას. ახლა არჩევნებამდე 3-4 კვირით ადრე მისიის მოწვევაზე გაცხადება არის პროპაგანდისტული ხრიკი, მსგავსი ბელარუსისა, როდესაც მისიას იმდენად ცოტა ხნით ადრე მიიწვევენ ხოლმე, რომ ეუთო/ოდირ-ი ვეღარ ახერხებს ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას. პრაქტიკით, 4-6 თვით ადრე მიიწვევენ ხოლმე მისიას, უნდა შეირჩნენ დამკვირვებლები, მომზადდნენ შესაბამისად. როგორც ბელარუსის შემთხვევაში მომხდარა, თუ ეუთო/ოდირ-ი ვეღარ ახერხებს გრძელვადიანი მისიის გამოგზავნას, ამას ისევ ეუთო/ოდირ-ს აბრალებენ ხოლმე და ამით წაახალისებენ ანტიდასავლურ რიტორიკას. თეორიულად არის შესაძლებელი, რომ მხოლოდ მცირე, მოკლევადიანი მისია იქნას წარმოდგენილი, რაც შეუძლებელს ხდის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას. ჩვენთვის, როგორც არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის, ეუთო/ოდირ-ის დამკვირვებლების ყოფნა იმდენად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა არჩევნების მონიტორინგი და მხოლოდ პარტიული ძალებით მოგვიწევს 4 ოქტომბერს ბრძოლა. ბუნებრივია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეუთო/ოდირ-ი ლიმიტირებულ მისიას გამოაგზავნის, როგორც ყოველთვის, ახლაც გვექნება საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ივანიშვილის რეჟიმის ამ უმსგავსობების, უკანონობების სამხილებლად“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.