„ოცნება“ საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევას ცდილობს და ამას ტურიზმის განვითარებით ამართლებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ტურიზმი გვინდა, კი ბატონო, ასე პროსტიტუციაც შეიძლება, დააკანონოს და აყვავდება ტურიზმი.
„დიდი ბოდიში, მაგრამ რა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი? თუ ტურიზმი გვინდა, კი ბატონო, ასე პროსტიტუციაც შეიძლება, დააკანონოს და აყვავდება ტურიზმი. ასევე, ნარკომანია შეიძლება, დააკანონოს და კიდევ უფრო აყვავდება ტურიზმი. ასეთი ტურიზმი გვინდა? ასეთი ეკონომიკა? ჩვენი შვილების, ახალგაზრდების და ოჯახების დაღუპვის ხარჯზე გამდიდრება გვინდა? ეს არის სწორედ „ოცნების“ მიზანი. როდესაც „ოცნებამ“ გადაწყვიტა პარტიების აკრძალვა, მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ ყოველგვარი ოპონირების, წინააღმდეგობის გარეშე ქვეყნისთვის ასეთი დამღუპველი კანონები მიიღოს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს საპატრიარქოს მოვუწოდო, დაგვეხმარონ, ამ საკითხში ჩაერთონ. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლებით სარგებლობს და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, აზარტული თამაშების ამ დონეზე განვითარება საქართველოში. პარლამენტში კანონპროექტი ორშაბათს შემოვიდა, სამშაბათს უკვე განიხილეს და დღეს, პარლამენტმა მეორე მოსმენით უნდა მიიღოს. რა ისეთი გადაუდებელი ამოცანაა აზარტული თამაშების დაკანონება, რომ ასეთი დაჩქარებული წესით სურთ კანონის მიღება? რა თქმა უნდა, ეს, სულ მცირე, ეჭვებს აჩენს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.








