სალომე ზურაბიშვილისგან რაც დღეს მოვისმინეთ, არის არათუ მხოლოდ მიუღებელი, არამედ ვურჩევდი მას და მისი გადასაწყვეტია, ნებავს, რჩევად მიიღოს და ნებავს, გაფრთხილებად, უბრალოდ, დროულად მოთოკოს საკუთარი ემოციები, ვინ არის მონა, ეს ჩვენზე კარგად არავინ იცის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ასე შეაფასა გიორგი შარაშიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „სამარცხვინოა ის, რომ გახარიას პარტია რაღაცნაირად კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ მე კარგი ვარო, კარგი მონა ვარო, კიდევ დაგემონებით და ვიქნებით ბოლომდე თქვენიო. იმ დროს, როცა ასეთი რამ ხდება, არც სოლიდარობა, არც გულშემატკივრობა სხვების… თუ მათი ხელფასები და ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს უნდა ვიცოდეთ“.
„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს – და ალბათ ბოლოჯერ ვახსენებ, როგორც ქალბატონს – პირდაპირ ვურჩევ, ცოტა გონიერებას და ზომიერებას მოუხმოს. ის, რაც დღეს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან, ეს არის არათუ მხოლოდ მიუღებელი, არამედ ვურჩევდი მას, და ეს მისი გადასაწყვეტია, ნებავს, რჩევად მიიღოს და ნებავს, გაფრთხილებად, უბრალოდ, დროულად მოთოკოს საკუთარი ემოციები. ვინ არის მონა, ვინ-ვინ და, ეს ჩვენზე კარგად არავინ იცის. ვის რა მოტივაცია აქვს საკუთარი განცხადებების, მათ შორის, დღეს, ესეც ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად, თუ ვინმემ იცის. ასე რომ, რაც მალე მოუხმობს ამ გონიერებას სალომე ზურაბიშვილი, მით უკეთესი იქნება მისთვის, მით უფრო, იმ ფონზე, რაც დღეს ხდება, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში. ხომ არ გავახსენოთ მას, რომ სწორედ 4 ოქტომბრის, იმ უპასუხისმგებლო პროვოკაციის და ავანტიურის უკან ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც იდგა – შეცდომაში შეყვანილი იყო თუ განზრახ მონაწილეობდა ამ პროცესში, თავად აუხსნას საზოგადოებას – სალომე ზურაბიშვილი იყო. სხვათა შორის, 4 ოქტომბერი რომ არ მომხდარიყო, ეს დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოც არ შედგებოდა. 4 ოქტომბერი იყო ის უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რამაც „ოცნებას“ მისცა დამატებითი ლეგიტიმაცია, გაამყარა „ოცნების“ ვერტიკალი და მისცა დამატებითი ლეგიტიმაცია და საფუძველი, რომ სწორედაც დღევანდელ დღემდე მისულიყო. ნაცვლად იმისა, სალომე ზურაბიშვილს ამაზე პასუხისმგებლობა აეღო, გამოსულიყო და განემარტა იმ ხალხისთვის ან რამე ნაბიჯი მაინც გადაედგა იმ ათეულობით მართლა ტყუილად შეცდომაში შეყვანილი ხალხის დასახმარებლად, ვინც აბსოლუტურად უსამართლოდ და ტყუილად იხდიან სასჯელს და კიდევ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, გამოდის და რაზე საუბრობს საერთოდ? ამიტომ ვამბობ, ნებავს, მიიღოს ეს გაფრთხილებად და ნებავს, რჩევად, რომ მოუხმოს გონიერებას“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
გიორგი შარაშიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„მივედით ამ სარჩელის აბსურდულობამდე და რატომ ვითხოვთ ჩვენ ჩვენი საქმის გამოყოფას? ჩვენ არც ბოიკოტთან, არც ძალადობასთან, არც მშვიდობიან თუ არამშვიდობიან დამხობასთან არასდროს არანაირი შეხება არ გვქონია“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
ხელისუფლების პოზიცია, რომ გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლას გადაწყვეტილება მხოლოდ 4 ოქტომბრის შემდეგ მიიღო და ისინი ელოდებოდნენ 4 ოქტომბრის მოვლენების განვითარებას, რაზეც გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური პარტიის დამატება ბოლო მომენტში მოხდა აბსოლუტურად ხელოვნურად და მათ საკმარისი დროც კი არ ჰქონდათ ამ სარჩელისთვის მოსამზადებლად.
„ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა, გავუმკლავდებით როგორმე და დღესაც ნახეთ, რამდენად ძლიერი პოზიციები დააფიქსირა ჩვენმა წარმომადგენელმა, ჩვენმა გუნდმა. ამ ხელოვნურობის და აბსურდულობის ჩვენება მარტო ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიზნებისთვის არ გვინდა, ჩვენ ეს გვჭირდება, რომ საზოგადოებას, ხალხს დავანახოთ, სინამდვილეში „ოცნებას“ რა მოტივაცია აქვს და, ფაქტობრივად, არ მივცეთ „ოცნებას“ საშუალება, რომ ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუოს და დააჯეროს, რომ ამა თუ იმ კონსტიტუციური მუხლის დარღვევის გამო კრძალავენ ამა თუ იმ პარტიას. „ოცნების“ მიზანია ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის აკრძალვა; განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადება; ამ ქვეყანაში ერთპარტიული სისტემის დამყარება, ანუ, დიქტატურის დამყარება; ოპოზიციური სპექტრის ასე ხელოვნურად მართვა, ფსევდოოპოზიციის შექმნა, რასაც აქამდეც აკეთებდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით გააქტიურებულია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.








