გვარამიას განცხადება არაფრით განსხვავდება „ქართული ოცნების“ პოზიციისგან, ერთი ერთში ამბობს იმას, რაზეც „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ, ეს უკვე დიაგნოზია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერი როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერების ნარატივით საუბრობს, თავად უნდა ახსნას, რატომ ხდება ასე.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო კორუმპირებული ოპოზიციონერის განცხადებებზე, რომელმაც ისიც ვერ მოახერხა, საზოგადოებისთვის აეხსნა, საიდან მოიტანა ათობით მილიონიანი დაფინანსება საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის. ე.წ. ოპოზიციონერი როდესაც საუბრობს იმავე ნარატივით, რა ნარატივითაც საუბრობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, თავად უნდა ახსნას, რატომ ხდება ეს ასე. ჩვენ ამ ოპოზიციის ნაწილი არ ვართ, შესაბამისად, არც გვაინტერესებს, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გვარამია საუბრობს „ქართული ოცნების“ ენით და ნარატივით. ეს არის დიაგნოზი გვარამიასთვის და ამ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია კორუმპირებულ ოპოზიციად. კორუმპირებული არც „ქართული ოცნება“ ვარგა, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ყველაფერს აკეთებს, რომ არანაირი სანქცია ჩვენს ქვეყანას არ შეეხოს. ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, ევროპელ პარტნიორებთან, რომ სანქციები ქვეყანას და ხალხს არ უნდა შეეხოს. ამ შემთხვევაში ძირითადად საუბარია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ამაზე ვმუშაობთ. მიუხედავად „ოცნების“ არაერთი დანაშაულისა, ეს სანქცია ქართველ ხალხს არ უნდა შეეხოს. ვიზალიბერალიზაცია ხალხმა მოიპოვა მრავალწლიანი შრომით და ბრძოლით, ეს მონაპოვარია დასაცავი როგორც „ოცნებისგან“, ასევე ამ უპასუხისმგებლო და კორუმპირებული ოპოზიციისგან.
რაც შეეხება გვარამიას, უნდა თუ არა დასანქცირება, არ გამოვრიცხავ, რომ უნდა, ეს მისი გადასაწყვეტია. ხალხმა შეაფასოს. ჩვენ არ გვაინტერესებს, არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული გვარამიას განცხადებების გაშიფვრა და იმის გაგება, რა იმალება მის უკან. ამაზე მეტად სკანდალურს ვერაფერს ვერ გეტყვით, თუ სკანდალური გინდათ, პირდაპირ გეუბნებით, რომ კორუმპირებული ოპოზიციაა და დიდწილად ვითომ ხალხს აჩვენებენ, რომ განსაკუთრებულად ებრძვიან „ქართულ ოცნებას“ და სინამდვილეში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, ამათი სანქციების იანვრამდე გადაწევა, იყო უდიდესი შეცდომა, ევროკავშირის ელჩის ადგილზე დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი“.







