მანდატების გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია პარტიის გაუქმებასთან, „ოცნება“ თავად აუქმებს ჩვენს მანდატებს და ამით პარლამენტში აბრუნებს იმ ერთპარტიულობას, რაც ერთი წლის განმავლობაში იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრის მიზანი პარლამენტში ოპოზიციის მანდატების გაუქმებაა.
„ასეთია „ოცნება“, ქოთანს ყურს საიდანაც უნდა, იქიდან მიაბამს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და არა, სამართლებრივი. სავარაუდოდ, სასამართლოში ხვალ ჩვენი გამოსვლის დრო იქნება. საზოგადოება დარწმუნდება, რომ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის დამატება ხელოვნური იყო და ეს ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – პარლამენტში 12 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატი გაუქმებული იყოს.
მინდა, მკაფიოდ ავხსნა, რას ცდილობს, „ოცნება“. უტიფარი განცხადებებია, რომ თითქოს მანდატებს გვიტოვებენ. დიდი ბოდიში, რა მანდატებს გვიტოვებენ? – ეს 12 მანდატი პარტიას ეკუთვნის. ეს არ ყოფილა მაჟორიტარული არჩევნები, 200 ათასამდე მოქალაქეს კონკრეტული ინდივიდებისთვის ხმა არ მიუცია, მოქალაქეებმა ხმა მისცეს პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“. რა თქმა უნდა, პარტიის აკრძალვა მანდატების აკრძალვას ნიშნავს. ახლა „ოცნებას“ სურს, რომ რაღაც სახე შეინარჩუნოს და ხალხს უთხრას, თითქოს პარტიას კი ვკრძალავთ, მაგრამ თუ პარლამენტში მუშაობა უნდათ, აგერ, ბატონო, მათი მანდატებიო. დიდი ბოდიში, ასე არ არის. „ოცნება“ პარტიის აკრძალვით მანდატებსაც კრძალავს.
ერთი მაგალითია ამის ასახსნელად. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩვენი 12 დეპუტატიდან რომელიმეს რომ დასჭირდეს გასვლა, თუ სიები ჩახსნილი იქნება, ვინ ჩაანაცვლებს მას? – ეს მაგალითი პირდაპირ აჩვენებს „ოცნებისა“ და პაპუაშვილის ამ არგუმენტის აბსურდულობას. ეს ასე ვერ და არ მოხდება. მანდატების გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია პარტიის გაუქმებასთან. „ოცნება“ თავად აუქმებს ჩვენს მანდატებს და ამით პარლამენტში აბრუნებს იმ ერთპარტიულობას, რაც ერთი წლის განმავლობაში იყო. ეს უნდა, რომ ქვეყნისთვის დამღუპველი კანონები ისე გაიტანოს, ხალხმა ამის შესახებ საერთოდ ვერაფერი გაიგოს. ამის დასტურია, აზარტულ თამაშებზე მომზადებული ცვლილებები, რომელსაც ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.








