მე არ მაინტერესებს, „ნაცებს“ რას ედავებით, მე მაინტერესებს, ჩვენ რას გვედავებით, რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად ამ აბსურდულ სარჩელს, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კირცხალიას.

მან ირაკლი კირცხალიას მოუწოდა, დაესაბუთებინა, კონსტიტუციის რომელი მუხლის დარღვევას ედავებიან მის პარტიას.

„ირაკლი კირცხალიას მინდა ვუპასუხო. ძალიან უნდა მოენდომებინა მას, კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, თუ რამდენად აბსურდულია ეს სარჩელი კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისამართით. ბატონო ირაკლი, რადგან აქ ვერ შეძელით სიცხადე შეგეტანათ იმ ნაწილში, თუ კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ კონსტიტუციის რომელი მუხლი დაარღვია ან ჩვენს მიერ ჩამოთვლილი დანაშაულებიდან ჩვენ რომელ დანაშაულში მიგვიძღვის ბრალი, მაშინ თქვენი 4 წარმომადგენელი, ახლა ბათუმში ვინც იმყოფება, იმათ მაინც უთხარით, გამოვიდნენ და ნორმალურად, დალაგებულად და გასაგებად აუხსნან საქართველოს მოსახლეობას. მე არ მაინტერესებს, „ნაცებს“ რას ედავებით, მე მაინტერესებს, ჩვენ რას გვედავებით, რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად ამ აბსურდულ სარჩელს. ამიტომ დღეს, როცა თქვენი გამოსვლა „ნაცების“ წინააღმდეგ „ნაცების“ დანაშაულების ჩამოთვლას დაუთმეთ, კეთილი ინებეთ და ჩვენს დანაშაულებზე გვესაუბრეთ, თუ ასეთი არსებობს საერთოდ. ჩვენს, კონკრეტულად პარტია გახარია საქართველოსთვის დანაშაული აგვიხსენით, კონკრეტულად, კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ! აგვიხსენით! ამას ვერ ხსნით! თქვენი გამოსვლა არის ამის პირდაპირი მტკიცებულება, რომ არანაირი დასაბუთებული, ლოგიკური არგუმენტი არ გაქვთ ჩვენს წინააღმდეგ, ელაპარაკებით „ნაცებს“, რაც ამ 14 წლის განმავლობაში მართლა ძალიან კარგად ისწავლეთ.

იმ სარჩელზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ ისიც კი არ იცით, ვისი დაწერილია, ყველას ხელი მოგაწერინეს, აქ თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობები იქნება, კითხვაც რომ არ დაგისვამთ, რაზე აწერდით ხელს და არც გიფიქრიათ იმაზე, ამ სარჩელით რა რისკებში შეგყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო. ვინ არის მოღალატე, ამას მალე გაიგებს ხალხი და ისედაც ძალიან კარგად იცით! თქვენი ერთადერთი მოტივაცია ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამ ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილები მზად ხართ ქვეყანა ჩაფლოთ ერთპარტიულ დიქტატორულ ჭაობში და დააბრუნოთ ბნელ, საბჭოთა წყობილებაში. ეს არის თქვენი მთავარი მიზანი და ერთადერთი მიზანი გამოძრავებთ, რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნოთ ძალაუფლება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

4 ოქტომბერთან დაკავშირებით გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ამ დღეს გაემიჯნა.

„ხალხი რასაც ხედავს, მარტივი რამაა, ბოლო წლებში როგორ არის „ოცნება“ დაკავებული სწორედ ხალხის ძარცვით და ეს რომ ვერ დამალეთ, თავად გამოააშკარავეთ, როგორ უპოვეთ ერთმანეთს სახლებში ოქროს ზოდები და მილიონები. მერე რა გინდათ, რომ მართლა ამ გაუმაძღრობით აღშფოთებული ხალხი თქვენს გადარჩევას რომ გადაწყვეტს, ამის უფლება აღარ ჰქონდეს ხალხს და ისევ თქვენ აგირჩიოთ, ამას აკეთებთ, ამიტომ ძალადობთ ხალხზე. კონსტიტუციის მთავარ პრინციპს, რომ ხელისუფლების მთავარი წყარო ხალხია, გინდათ, საერთოდ გადაუსვათ ხაზი. მე-5 დღეა ამ პროცესს ვადევნებთ თვალს და დღემდე ვერ ჩამოაყალიბეთ ჩვენს პარტიას კონსტიტუციის რომელი მუხლი აქვს დარღვეული.

არ შემიძლია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არ გიპასუხოთ. 4 ოქტომბერთან ჩვენ საერთოდ როგორ გვაკავშირებთ, როდესაც ჩვენ არათუ გავემიჯნეთ 4 ოქტომბერს, როგორც სრულიად უპასუხისმგებლო ავანტიურას და პროვოკაციას, არამედ კარდაკარ ხალხს მოვუწოდებდით არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, რადგან ჩვენთვის არჩევნების იდეის გადარჩენა იყო მთავარი და მთავარი იყო, თქვენს მიერ დაგებულ ხაფანგში, რაც 4 ოქტომბრის ავანტიურა იყო, ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა არ გახვეულიყო. ეს არის სიმართლე, ამიტომ დარჩება ეს სარჩელი აბსურდულ და მოღალატეობრივ სარჩელად“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.