„რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო“ – ეს „ქართული ოცნების“ ცნობილი ტერმინია, რომელსაც „ოცნების“ ლიდერები თუთიყუშუვით იმეორებენ. ამას იმიტომ ამბობენ, რომ უარი თქვეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას მცირედით მაინც თუ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, რაც კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ვალდებულებაა, რაგორ შეიძლება, იყოს ქვეყნისთვის ჩალის ფასის მქონე იმ ორგანიზაციის რეზოლუციები, რომელში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის ქვეყანა.
„შეფასება, რომ ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს, სამწუხაროდ, არანაირი წინსვლა არ ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს ფაქტია და თავად ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომდესაც 2024 წლის 28 ნოემბერს გამობრძანდა და განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. შესაბამისად, ყველა ის კრიტიკა, რაც ევროსტრუქტურებიდან ისმის სამართლიანია. საქართველო, სამწუხაროდ, ევროკავშირის და დემოკრატიული სამყაროს მთავარ, ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი და გასაგებია, რატომ ისმის კრიტიკა. რაც შეეხება სანქციებს – „ქარული ოცნების“ ყველა ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხოს და დააბრალოს, რატომ დგება დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი. სწორედ ეს ადამიანები არიან პერსონალურად პასუხისმგებელი დემოკრატიულ უკუსვლაზე, ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე და ძალიან ბევრ დანაშაულზე და ნუ უკვირთ, თორემ ჩვენ არავის დასანქცირება არ გვიხარია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა, რომლის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.







