ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავს იმას, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდეთ და ვიბრძოლოთ ამ მოძალადე ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ამ განცხადებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აღიარებს თუ არა გახარიას პარტია პარლამენტის ლეგიტიმურობას, რადგან საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„ოცნება“, პარლამენტი არის არალეგიტიმური, ჩვენ აღიარების ნაწილში არაფერი შეგვიცვლია. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს „ოცნება“ რეალურად მართავს ქვეყანას, „ოცნება“ იღებს კანონებს და აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, „ოცნების“ ხელშია კონსოლიდირებული ძალაუფლება სრულად და სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით, სამართალდამცავი სისტემის სრული კონტროლის პირობებში, ამ არალეგიტიმური პარლამენტის კანონების აღსრულებასაც ახდენს სრულად „ოცნება“. ამ ფაქტს და რეალობას ვაღიარებთ და ჩვენ ვერავინ ვერ აგვიკრძალავს იმას, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდეთ და ვიბრძოლოთ ამ მოძალადე ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შეკითხვაზე, როგორი სტატუსით უნდა წარადგინოს პარლამენტში შესვლის შემდეგ, როგორც არალეგიტიმური წევრები თუ როგორ, გიორგი შარაშიძემ უპასუხა, რომ ეს თავად წამყვანის გადასაწყვეტია.
„პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური, დღეს ეს აქტუალური აღარ არის. დღეს თქვენ ინტერვიუ დაიწყეთ იმ კითხვებით, რაც ეხებოდა სუს-ში და პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგებს“, – განაცხადა შარაშიძემ.
მან ასევე ისაუბრა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის განცხადებებზე, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით ხელისუფლების პოზიციას ამყარებს.
„ამ ოპოზიციას ჩვენ ვპასუხობთ, თუ ვინმემ დღეს ლეგიტიმაცია მისცა „ოცნებას“, პირველ რიგში, არიან ისინი, საკუთარი უპასუხისმგებლო მოქმედებებით, რაც ჩაიდინეს 4 ოქტომბერს“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
შეკითხვაზე, ხომ არ იყენებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საბაბად 4 ოქტომბრის გეგმას, რადგან პარტიის ლიდერები მუდმივად ამბობენ, რომ ოთხმა ოქტომბერმა საბოლოოდ გაუმყარათ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ, თუმცა მანამდეც ისინი გარკვეული ფრთხილი მიდგომებით მაინც მიდიოდნენ ამ გადაწყვეტილებამდე და საზოგადოებისთვის მათი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან ბოლომდე არ ჩახსნეს საპარლამენტო სია და დაიტოვეს თეორიული შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში ნებისმიერ დროს შესვლის, ხოლო ორი თვის წინ თქვეს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი შეცდომა იყო, გიორგი შარაშიძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ველოდით“.






