ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში მონაწილეობის გზით მიიღო „ოცნების“ დამარცხების გადაწყვეტილება, რადგან პოლიტიკური ცვლილებები არჩევნებზე გადის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
ისივე თქმით, პოლიტიკური ცვლილებებს ფასი მაშინ ექნება, როდესაც ცვლილება მშვიდობიანად განხორციელდება.
„ხმა მივეცი უსამართლობის, ძალადობის, კორუფციის წინააღმდეგ. ამავე დროს ხმა მივეცი მშვიდობიან ცვლილებებს, ევროპულ მომავალს, გონიერ, ზომიერ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს. ხმა მივეცი თბილისს და საქართველოს კორუფციის გარეშე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მთავარია,რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდობიანად. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ სწორედ იმიტომ მიიღო არჩევნების გზით „ოცნების“ დამარცხების გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური ცვლილებები გადის არჩევნებზე, გადის მშვიდობიან ცვლილებებზე. რა თქმა უნდა, დღეს საზოგადოებაში არის დაკვეთა სერიოზულ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებზე. თუმცა, ამ ცვლილებებს ფასი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება განხორციელდება მშვიდობიანად. ამიტომ ყველას მოვუწოდებ არჩევნებზე აქტიურობისკენ, რადგან ეს არის საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით განსაზღვრული როგორც უფლება, ასევე ვალდებულებაც. ამომრჩევლებმა თავიანთი ხმა უნდა გამოიყენონ ამ ქვეყანაში პროგრესის, კეთილდღეობის და სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებისთვის“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.