ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.
ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები იყო.
მათივე ცნობით, შეხვედრის განმავლობაში ცესკო-ს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის შესახებ. როგორც მან აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ემზადება, შესაბამისად, აღნიშნული არჩევნების ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პარტნიორებთან და არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
„თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ მოისმინა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს პროცესზე ობიექტური და რეალურად ნეიტრალური სადამკვირვებლო მისიების არსებობის მნიშვნელობა და როლი“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.