კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ ვიზალიბერალიზაციის მოქალაქეებისთვის შეჩერების, ვემხრობით პერსონალიზებულ სანქციებს ადამიანების მიმართ, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული ძალადობაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ვიზალიბერალიზაციის მოქალაქეებისთვის შეჩერების. ჩვენ ვემხრობით პერსონალიზებულ, ტარგეტირებულ სანქციებს ადამიანების მიმართ, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული ძალადობაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, რომლებმაც არჩევნები მოიპარეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გამოსავალი არის ერთადერთი – სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ მძევლები, უკანონოდ დაპატიმრებულები და, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს არჩევნები“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ევროკომისიის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმებაზეა საუბარი, გახარიამ განაცხადა:

„დღეს ეს კანონები აღარავის ახსოვს. დღეს დე ფაქტო ხელისუფლებამ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველოს მოსახლეობა, რომ კანონებზე კი აღარ ვფიქრობთ, ვფიქრობთ იმაზე, როგორ არ დასახიჩრდნენ ჩვენი შვილები და, როგორმე, არამოტივირებულად, ნიღბებს ამოფარებულმა ადამიანებმა არ იძალადონ ჩვენს შვილებზე და თანამოქალაქეებზე. ამიტომ, მთავარია, მივაღწიოთ უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლებას და შემდეგ მივაღწიოთ პოლიტიკურად, მშვიდობიანი და მასობრივად დიდი აქციებით, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები“, – განაცხადა გახარიამ.

ევროკომისიამ „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებას მოიცავს. „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების საკითხის განხილვა. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, უნდა იქნეს მიღებული გადაუდებელი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციასაც შეიცავს.

ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და 2024 წლის სექტემბერში „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება ძირს უთხრის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საერთო საკანონმდებლო ბაზას.