ევროკომისიის გაფართოების ანგარიში არის ყველაზე მძიმე და კრიტიკული შეფასება, რომელიც საქართველოს ოდესმე მიუღია. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება; დემოკრატიის უკუსვლა; რეპრესიული ზომები; სასამართლო სისტემის პოლიტიზება; კორუფცია; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ეს არის ის მცირე ჩამონათვალი რაზეც მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში. ეს დოკუმენტი ადასტურებს იმ რეალობას, რომელიც ბოლო წლებში „ოცნების“ მმართველობამ შექმნა: ქვეყანაში სახეზეა დემოკრატიული უკუსვლა და ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებიდან მკვეთრი გადახვევა. - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა პარტია "გახარია - საქართველოდან" გიგა ფარულავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"დღეს „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს აშორებს ევროპულ ოჯახს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.
ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც 5 წლის წინ, გახარიას პრემიერობისას ასოცირებული ტრიოს უპირობო ლიდერი იყო, დღეს კანდიდატებს შორის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. ეს არ არის შეცდომა ან გაუგებრობა; ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, რომელიც არა ხალხის ინტერესებს, არამედ ძალაუფლების დაკარგვის შიშსა ეფუძნება.
მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, არ დაუჯეროთ ოცნების აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც ცდილობს, ჩვენი ევროპელი მეგობრები მტრებად წარმოაჩინოს.
დღეს ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს, არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია!
როდესაც ევროპელი პარტნიორები აკრიტიკებენ ხელისუფლებას, ეს კრიტიკა მიმართულია არა ქართველი ხალხის, არამედ კორუფციის, ანტიდემოკრატიული ნაბიჯების და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების წინააღმდეგ და მათი მიზანი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა.
რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის გზაზეც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ჩვენ არ გეუბნებით, რომ ევროპული ბიუროკრატია ყოველთვის და ყველაფერში შეიძლება მართალია, მაგალითად მსგავსი შემთხვევაა შემოთავაზებული “ვეტინგის” საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის არგუმენტირებული პოზიციით არ ვეთანხმებოდით და დიახ ლეგიტიმურია თქვენც გქონდეთ საკუთარი, არგუმენტირებული პოზიცია, მაგრამ დისკუსიის ნაცვლად, თქვენ პირდაპირ „უხსნით ცეცხლს“ ევროკავშირის ინსტიტუტებს და მათ ცრუ ნარატივებით ესხმით თავს.
თუ თქვენ გჯერათ, რომ თქვენი პოზიცია სწორია, რატომ ერიდებით აქტიურ და ობიექტურ დისკუსიაში შესვლას? რატომ არ იყენებთ იმ მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმებს, როგორიც იყო თუნდაც „ევრონესტი“, იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია განგემტკიცებინათ და არგუმენტებით გესაუბრათ ჩვენს პარტნიორებთან?
სწორედ მსგავსი ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ თქვენ მიზანმიმართულად ტოვებთ ქვეყანას იზოლაციაში და თქვენი რეალური მიზანი არა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დაცვა, არამედ ნებისმიერ ფასად ძალაუფლების შენარჩუნებაა. ევროპულ ინსტიტუტებზე ღია თავდასხმების ფონზე, თქვენი მხრიდან მტკიცება, რომ 2030 წელს ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანთ წინააღმდეგობრივია თქვენს პოზიციებთან.
ამ კრიტიკულ მომენტში, მივმართავთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე." - განაცხადა გიგა ფარულავამ.








