როგორი სახელმწიფო გვინდა საქართველოსთვის?! სახელმწიფო, სადაც ადამიანი და მისი ღირსება დაცულია! სადაც სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი  მოქალაქისთვის ღირსეული ცროვრების შესაძლებლობის შექმნაა! სადაც, არც შვილის გაჩენის გეშინია, არც სიბერის, პატიოსანი შრომა ფასდება, დოვლათს ქმნი და სახელმწიფო შენი მოკავშირეა და არა მძარცველი! - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა "გახარია - საქართველოდან" სოფო ხორგუანმა განაცხადა. 

"პირველი იანვრიდან საქართველოს დეპუტატის ხელფასი 1120 ლარით იზრდება, პენსია კი  - 20 ლარით. ეს არის უსამართლობა!

საქართველოში მშობლის მოვლა, მოხუცზე ზრუნვა ყველაზე მდგრადი ტრადიცია იყო! ქართული და ქრისტიანული, პატივი ეცი მშობელს!

34 ჯერ, 34 ჯერ ნაკლებია პენსიონერის პენსია დეპუტატის ხელფასზე. მაშინ, როცა თქვენი ფავორიტი ორბანის უნგრეთში მხოლოდ 7 ჯერ ნაკლებია. პოლონეთში კი 3 ჯერ! არადა, თავს იწონებთ, დასავლეთს ჩვენი შურსო!

თქვენ ვერ იპოვეთ პენსიის ზრდისთვის საკმარისი თანხა ბიუჯეტში! იფიქრეთ იმ მოხუცზე, ქუჩაში უმწიფარი ლიმონით რომ ვაჭრობს, თავი რომ ირჩინოს! იმ მოხუცზე, აფთიაქში შესული ბოლო თეთრებს რომ აკოწიწებს, ერთი კვირის სამყოფი წამალი რომ იყიდოს! მარკეტში მორიდებით ათვალიერებს ფასებს და გულში ითვლის, პურის გარდა რას გასწვდება დღეს, ხვალ მშიერი რომ არ იყოს!

1 იანვრიდან პენსია უნდა გაიზარდოს მინიმუმ 200 ლარით და ყოველ მომდევნო წელს ეს უნდა გაგრძელდეს. ეს შესაძლებელია და რეალისტური! მიტოვებულ მოქალაქეებსა და გაზულუქებულ პოლიტიკოსებს შორის გაჩენილი უფსკრული უნდა შემცირდეს! პოლიტიკოსებისადმი ნდობის აღდგენას ბევრად მეტი წელი დასჭირდება და მეტი ძალისხმევა. მაგრამ ეს ჩვენი გასაკეთებელია!

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მალე 10 ათასი დოლარი გახდებაო! რა ფასი აქვს ამას, თუ ის  მხოლოდ 25 ოჯახის კეთილდღეობაზე აისახა და რამდენიმე ჯიბეში გადანაწილდა?!

საქართველოს მოქალაქე სამშობლოდან გარბის! განა, სამშობლო არ უყვარს?! მაგრამ აქ გაჭირვებით სამსახურს რომ იპოვის, კიდევ მეორესა და მესამის ძებნა სჭირდება და არაქათგამოცლილი არათუ სწავლასა და ცხოვრებას, არსებობას ძლივს ახერხებს.

ხომ აუკრძალეთ თამამად მოხელეებს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა, თან ეს კორუფციასთან ბრძოლად შერაცხეთ! ირაკლი კობახიძემ თავი იმართლა, თუ ამას ანაზღაურების გამო აკეთებენ, გავუზარდოთ ანაზღაურებაო. ეს უნდა შესრულდეს! რასაც საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდებით, უნდა შესრულდეს!

 საქართველოში მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს კანონით და უნდა იყოს 1000 ლარი და უნდა გაიზარდოს ყოველ წელს! ეს შესაძლებელია და რეალისტური!

და არა ისე, როგორც ქონების გადასახადზე მოხდა! ნორმა უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ვითარების შესაბამისი! ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, მაღალი თანამდებობის პირები გვპირდებოდით, რომ ქონების გადასახადის ჩარჩო შეიცვლებოდა.

მოქალაქეები კვლავ მოტყუებულები დატოვეთ! ლამის 20 წლის წინანდელი ნორმით უნდა გადაიხადონ ბეგარა და ღალა! იმ სოფლის სახლისა და ვენახისთვის, მამა-პაპისგან რომ ერგო და გაჭირვებით ინახავს. იმ ჭერისთვის, რომელშიც უძვირესი იპოთეკის პროცენტს ისედაც იხდის. იმ ბინისთვის, ემიგრაციიდან გამოგზავნილი ფულით რომ აშენებს, იმედით, რომ ერთ დღეს სამშობლოში დაბრუნებდა და აქ კერა დახვდება.

ეს რბოლაა გადარჩენისთვის!

კიდევ ბევრი ასეთი აღმოჩენა გელოდებათ! იმის არ იყოს, ბაკურიანში უკანონოდ აშენებული ქალაქი რომ აღმოაჩინეთ, შემთხვევით! მაშინ როცა იქვე სოფლები და ქალაქები იცლება ღირსეული ცხოვრების ძიებაში!

ამაყად საუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ციფრებსა და პროგნოზებზე. მიეცით მოქალაქეებს შესაძლებლობა, მათაც იამაყონ! არა მხოლოდ დიდებული წარსულით, არამედ აწმყოთიც! და უკეთესი მომავლის შექმნა დღეს დაიწყონ, დღეს და აქ, საქართველოში, სამშობლოში!

და ბოლოს, დედაჩემი მოხუცებულთა თავშესაფრის დირექტორი იყო, წუხდა, სულ უფრო მეტი ქართველი აბარებს მშობელს თავშესაფარშიო. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის! გაითვალისწინეთ, როცა პენსიის ზრდაზე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ!" - განაცხადა სოფო ხორგუანმა.