"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს შესაძლო დასანქცირების შესახებ გაკეთებულ გამაფრთხილებელ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება უკვე არის სანქცირებული აშშ-ს მიერ, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არიან სანქცირებულები, რაც უპრეცენდენტო და ძალიან დამაზიანებელი ამბავია საქართველოსთვისდ და ჩვენი დასავლეთისგან იზოლირების ნაწილია.

„პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ ეკონომიკურ, მორალურ ან პრესტიჟის საკითხებს, არამედ უსაფრთხოებას, იმიტომ რომ ამ გზაზე როცა აყენებს რეჟიმი ქვეყანას, ეს ნიშნავს მარტო დარჩენას რუსეთის წინაშე. ის, რომ ახლა ისევ განხილვის თემაა და არ ვიცით შედგება თუ არა, ან ვის დაეკისრება სანქციები, იმის მიუხედავად თუ როდის დადგება შემდგომი, შედეგი, პოლიტიკურად უკვე ღალატის ტოლფასია ჩვენი ქვეყნისთვის.

ამ ისტორიულ მონაკვეთში დღეს ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, ყველგან ლობირებს იმას, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, ასევე დაცულობისთვის სჭირდება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულება, ამის ნაცვლად დისკუსიის თემაა როდის დასანქცირდება შემდგომ ეტაპზე საქართველო ამ ხელისუფლების გამო - ეგ უკვე კატასტროფაა“ - თქვა გიგა ბოკერიამ