„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“ შეუერთდება.

„მე მთელი პარტიის სახელით ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა შემიძლია ვთქვა, რომ ამ გზავნილებთან შეერთება ძალიან მნიშვნელოვანია. ვაპირებ, ეს პოზიცია დავიცვა. ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება ამ გზავნილს. იმის რეალურად დემონსტრირება, რომ გვაქვს კონკრეტული საერთო გეგმა აუცილებელ ნაბიჯებზე, ყველა განსხვავების მიუხედავად ზუსტად ისაა, რასაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორად ითხოვდა. ზუსტი გზავნილი იყო, რომ ეს არ ნიშნავს ერთმანეთში ათქვეფას, არ იყოს მნიშვნელოვან საკითხებზე კამათი, ყველა ერთ ყულაბაში აღმოჩნდეს, რაც მმართველ რეჟიმს გაუადვილებდა პროპაგანდას - არა! ეს ნიშნავს იმის დემონსტრირებას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა. ე.ი. ქმედითი იქნება ის კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია, რაც ხალხის ნების გამოხატვის შედეგად შედგება”, - აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.