ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც ესპანეთში, ევროპის პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ შარშან ევროპამ საქართველო უსამართლოდ დაჩაგრა და ამით საქმე სხვას გაუკეთა.

გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმი თან ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა, თითქოს მეორე ფრონტის გაუხსნელობის გამო არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და თან ცდილობს მოსახლეობის ნაწილი შეცდომაში შეიყვანოს, რომ დაჩაგრეს საქართველო და მიტოვებულად უნდა ვიგრძნოთ თავი.

„ცდილობენ დააჯერონ, რომ დასავლეთის ბრალია და არა ამ რეჟიმის ქმედებების, რომ დღეს უკვე იზოლაციაში ვართ და უკვე ჩამოვრჩით უკრაინასაც და მოლდოვასაც - ახლა რომც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ისინი უკვე შემდეგ ეტაპზე გადადიან. სინამდვილე არის მარტივი - ამ რეჟიმის „დამსახურებაა“ რომ ჩამორჩენილები ვართ და არა დასავლეთის მიერ ჩვენი მიტოვებისა.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი გამოვცვალოთ პროდასავლური, ანუ პროქართული ხელისუფლებით. მაშინ არც „დაჩაგრულები“ არ ვიქნებით და პირიქით, მივაწვებით ლეგიტიმურად, რომ პირველ რიგში ნატოს წევრი გავხდეთ, რასაც ღარიბაშვილი საერთოდ არ ახსენებს და რეალურად დავუახლოვდებით ევროკავშირსაც“ - თქვა გიგა ბოკერიამ