„ევროპული საქართველოს“ ერთერთი  ლიდერი გიგა ბოკერია გამორიცხავს კოალიციის პირობებში რომელიმე პრორუსულ თანამშრომლობას.
"გამოვრიცხავ, რაიმე სცენარის შემთხვევაში ჩვენ მთავრობა შევუვსვოთ ივანიშვილის გუნდს ან რომელიმე პრორუსულ ძალას." ამის შესახებ გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრის განცხადებას კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  პოლიტიკურ გუნდს რამდენიმე ამოცანა აქვს, თუმცა „ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა მათ შორის არ განიხილება. „ბატონი ბახტაძის გაფრთხილება აბსოლუტურად უადგილოა. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ ვიყოთ წამყვანია ძალა, ჩვენს გარშემო მოხდეს მობილიზება პროდასავულური ძალების და ამ მიზანს ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს პარტნიორებთან – „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. რაც შეეხება კითხვას, რომელი პარტიები იგულისხმებიან პროდასავლურ ძალებში, ბოკერია განმარტავს, რომ ასეთი ბევრი პარტიაა და სამომავლოდ არჩევნებისთვის ასპარეზზე შესაძლოა, ახალი პროდასავლური ძალებიც გამოვიდნენ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოკერიას თქმით, მომავალ არჩევნებში გამარჯვებას „ევროპული საქართველო“ სააკაშვილის გუნდის გარეშე გეგმავს. „ქართული ოცნების“ ამბავი გამორიცხულია ყველა შემთხვევაში. ამის შემდეგ მოდის ჩვენი ამოცანა, რომ სააკაშვილის გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შევქმნათ მთავრობა. მაგრამ თუ ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სხვა გზა არ იქნა, ბუნებრივია, განვიხილავთ თანამშრომლობას ყველა პროდასავლურ ძალასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“. ოღონდ ჩვენს შორის იმხელა განსხვავებებია პოლიტიკურ ხედვებში, რომ ჩვენი ამოცანაა მათ გარეშე ხელისუფლებაში მოსვლა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.