სააკაშვილის ინტერვიუმ  სერიოზული დარტყმა მიაყენა მის ე.წ. მხარდამჭერებსა და გარემოცვას - არავითარ დემენციასთან არ გვაქვს საქმე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გერმანულ გამოცემა Spiegel-თან.

„ადრე მანვე გააკეთა განცხადება, რომ თუ საქართველოში სადისტური მმართველობა ხორციელდებოდა, ეს არ იყო მისი ბრალი და ის კონკრეტულ გვარებს ასახელებდა - ბოკერია, მერაბისვილი და სხვები, თითქოს, თვითონ არაფერი გაეგო ამის თაობაზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა და კონკრეტული პირები იყვნენ დამნაშავეები.

ახლაც იგივე მცდელობაა, მაგრამ კიდევ ერთი თაღლითობის გამოვლინებაა ეს. არავითარ დემენციასთან, ფიზიკური რესურსის შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. წეროს, გააკეთოს განცხადებები, მისცეს ინტერვიუები.

მცდელობა, რომ სააკაშვილი წარმოეჩინათ უნარშეზღუდულ ადამიანად, ჩვენ ადრეც გვახსოვს.

ეს წინააღმდეგობრივი ვითარება, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციაში შეიქმნა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გაერთიანება, ასეთი გააფთრებული და მავნებლური შეტევა ყოველთვის დამთავრდება ფიასკოთი. თაღლითობასთან გვაქვს საქმე და არა გულწრფელ საქმიანობასთან, რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას შესაძლოა ემსახურებოდეს, ან კონკურენციას უწევდეს მმართველ გუნდს, რომელიც ცდილობს როგორმე დესტაბილიზაცია ააცილოს ქვეყანას.

ის ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა, ცდილობს ამომრჩეველს თავი მოაწონოს იმით, თუ ვინ უფრო მეტი დამაზიანებელი რესურსის მატარებელია“,- აღნიშნავს ვოლსკი.