რუსული სლენგი არსებობს, „შვიშტოკს“ ეძახიან ადამიანს, რომელიც არის ყეყეჩი. გუშინ ზუსტად ასეთი „შვიშტოკით“ მორბენალი ადამიანები ვიხილეთ. - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი გუშინ, ტვ "იმედთან" მომხდარ დაპირისპირებას, სადავ "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დახვდნენ.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც გუშინ მამუკა მდინარაძეს დაუპირისპირდნენ, სპექტაკლის დადგმას ცდილობდნენ.

„რუსული სლენგი არსებობს, „შვიშტოკს“ ეძახიან ადამიანს, რომელიც არის ყეყეჩი. გუშინ ზუსტად ასეთი „შვიშტოკით“ მორბენალი ადამიანები ვიხილეთ. მამუკა მდინარაძეს რამდენიმე კაცი გამოეკიდა, რომლებიც სპექტაკლის დადგმას ცდილობდნენ. უცებ იქ „შემთხვევით“ „ტვ პირველი“ გაჩნდა. მას შემდეგ ზუსტად ისეთი სიუჟეტების ჩვენება ხდება, რაც ამ „შვიშტოკებს“ აქვთ – როგორმე საზოგადოებაში შექმნან ტრენდი, რომ უინტელექტო ადამიანების მხრიდან თავდასხმა, შეურაცხყოფის მიყენება არის ტაქტიკა, რომელსაც ახალი თავმჯდომარის პირობებში უნდა გაჰყვნენ, რომ ძველ თავმჯდომარეს დაანახონ, როგორ უნდა იქცეოდეს და როგორი აგრესიული პოლიტიკაა საჭირო, რათა „ნაცმოძრაობის“ გეგმა ასრულდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია "იმედში" მისულ „ქართული ოცნების“ წევრს, მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ.

მათ უმრავლესობის წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მდინარაძეს დაუპირისპირდნენ. აქტივისტები სკანდირებდნენ სიტყვებს: „რუსი ხარ“, „მონა ხარ“.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ერთ-ერთმა აქტივისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.