29 იანვრის შეხვედრასთან დაკავშირებით პირველ რიგში მოლოდინი არის ის, რომ დაესწრება მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ არანაირი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ იქნება კონსტრუქციული მსჯელობა, თავს დაანებებენ ულტიმატუმების დაყენებას, არ მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით აქვს ულტიმატუმი.

„იმედია, ერთხელ და სამუდამოდ გაიგებენ, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, უნდა ვიმსჯელოთ ევროსტანდარტებით და არა იმ სტანდარტებით, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, გნებავთ მოსამართლეების არჩევა-დანიშვნის საკითხებში, გნებავთ ცესკო-ს შემადგენლობის არჩევის საკითხებში. შინაარსს აქვს მნიშვნელობა და არა იმას, მოვლენ თუ არა შეხვედრაზე. ისედაც საკმაოდ მძიმე მაგალითები იხილეთ, როგორ შეიძლება, ორგანიზება გაუკეთო საბოტაჟს და ამ პირობებში ცხოვრობს საქართველო საკმაოდ დიდი ხანია.

ჩვენს გეგმაში ყველაფერია მოცემული, იქ დეოლიგარქიზაციაზეც არის ლაპარაკი, სასამართლოს რეფორმაზეც, დანარჩენი უკვე იმ ფორმატებში უნდა გადავიდეს ლაპარაკი ცხრავე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს პარლამენტში და საერთაშორისოდ არის აღიარებული, ეს არის საპარლამენტო კომიტეტები. რაიმე სამუშაო ჯგუფების შექმნა თუ იქნება აუცილებელი, რომელიც პანაცეად გააცნეს საზოგადოებას, თუ ჯგუფი არ არის, ისე არაფერი რეკომენდაცია არ შესრულდება, ეს არასწორია, მაგრამ თუ იქნება ჯგუფი, საკონსულტაციო ფორმატის შექმნა, ეს კომიტეტს შეუძლია გააკეთოს და გადაწყვეტილების მიღებამდე რაღაც ფორმატში მოხდეს შეხვედრები. ახლა რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რაღაც  ექვსი პუნქტით, შვიდი დათქმით, ორი წინადადებით და რაღაც ამ ციფრებში გახვიოს საზოგადოება. ყველაფერი განხილული უნდა იქნას კომიტეტების საქმიანობისას, რომელსაც ლიმიტი არ აქვს, ვისაც უნდა დაპატიჟებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს დაისწრებს და იქ განიხილება ეს საკითხები. 29-ში სამუშაო შეხვედრაზე ჩამოყალიბდება გეგმა, გრაფიკი, როგორ უნდა იმსჯელონ, რა საკითხებზე და რასაკვირველია, 29-შივე რაიმე თემაზე საგნობრივი მსჯელობა არ შედგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.