ქუჩაში დახვედრას და კივილ-წივილს არ მივესალმებით, სწორი არ არის, მაგრამ როცა საკუთარ ქვეყანას ასე ღიად და უნამუსოდ უპირისპირდები, შეიძლება, ეს ვიღაცის აღშფოთებას იწვევდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ გიორგი გახარიას აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

მისი თქმით, პოლიტიკური ველი ჯანსაღი უნდა იყოს და მსგავსი ფაქტები მისასალმებელი არ არის, თუმცა, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, გახარიას ეს არ უნდა გაუკვირდეს.

„ასეთი უნამუსო განცხადებები, არ ვიცი. გახარიას ჯგუფი რასაც ეწევა, ამას პოლიტიკური სიბილწე უნდა ვუწოდოთ, ორმაგი სტანდარტი მაღალი გამონათქვამი და შეფასებაა. ვინმეს თუ არ მოსწონს, რომ ის საკუთარ ქვეყანას თავს ესხმის და ძირს უთხრის, ამის გამო შეიძლება, გარკვეული საყვედური უთხრან. აეროპორტში იქნება, თუ ქუჩაში, ეს სხვა საკითხია. ქუჩაში დახვედრას და კივილ-წივილს არ მივესალმებით და სწორი არ არის, მაგრამ როცა საკუთარ ქვეყანას ასე ღიად და უნამუსოდ უპირისპირდები, რასაკვირველია, შეიძლება, ეს ვიღაცის აღშფოთებას იწვევდეს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ან ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობენ, გიორგი გახარიას კვერცხები ესროლონ, ეს აბსურდია. გიორგი გახარიას არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს, ან რაღაც შეურაცხყოფა მიაყენოს. გიორგი გახარიამ თავის საქმიანობას გადახედოს, როცა სააკაშვილს ჩუმად ხვდებოდა და საკუთარ ქვეყანას რევოლუციას უპირებდა, სიტუაცია სისხლისღვრისკენ მიჰყავდა. ის ამის გათვალისწინებით ადვილად დაასკვნის, რომ ორგანიზება არაფერს სჭირდება, თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი არ არის და პოლიტიკური ველი ჯანსაღი უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.