„ქალბატონ სალომეს ჩვენგან განსხვავებული არაფერი უთქვამს. ჩვენ ვთქვით, რომ შიმშილობაზე უფრო ეფექტური ერთმნიშვნელოვნად არის მთელი პოლიტიკური და სახალხო საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა. – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელმაც გუშინ შიმშილობა დაიწყო.
"ჩვენ შიმშილობის აქცია იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები, თორემ ის, რომ შიმშილობას სჯობს ერთიანობა და ერთი ფრონტით რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ, უნდა დავამთავროთ მაშინ საუბარი რაღაცა ტაქტიკურ თემებზე. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთ მუშტად ვიკვრებით, ბრძოლა არის უკომპრომისო, რეჟიმთან არ ვთანამშრომლობთ არანაირი ფორმით, ამ ბრძოლის კონკრეტულ ფორმებზე შევთანხმდეთ, ისეთზე, რაც მართლა შეაჯანჯღარებს რეჟიმს. ის კი არ იქნება, რომ პოლიციელები მოვლენ და უბრალოდ ჩვენს ყურებას დაიწყებენ, არამედ შეეშინდება რეჟიმს იმისი, რასაც ვაკეთებთ პროტესტის თვალსაზრისით, რადგან ემპათია მათ არ აქვთ. ძალიან კარგად მესმის, რომ რამდენი მოშიმშილეც არ უნდა იყოს, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეჟიმის ემპათიას არ გამოიწვევს და არც არაფერს დათმობენ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა. რუსთაველის გამზირზე ახალი არჩევნების ჩატარების მომხრეები უკვე 7 თვეზე მეტია იკრიბებიან და ოპოზიციონერი ლიდერებისგან სამოქმედო გეგმას ითხოვენ,
ექსპრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საპროტესტო აქციის მონაეილეებ და განაცხადა - გილოცავთ, შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს, ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა