ვინც ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის აქტიურობას თვალს ადევნებდა, მათთვის ჩემი „ახალში“ გაწევრიანება მოულოდნელი არ იქნებოდა. მე და ნიკა გვარამია კურსელები ვართ, „რა? სად? როდის?“ - ბევრი წლის განმავლობაში ერთად ვითამაშეთ. რაც შეეხება პოლიტიკას, რაღაც მომენტში, მე და ნიკას განსხვავებული პოლიტიკური ბიოგრაფია გვქონდა, მაგრამ პერსონალური მეგობრობა არ შეგვიწყვეტია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„მე ნიკა გვარამიას ვენდობი. ვისაც გამარჯვება და ცვლილებები უნდა, მჯერა, რომ ის ამომრჩეველი ჩვენს პარტიაში მიზიდულობის ძალას დაინახავს, რადგან ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ მხოლოდ ბარიერის გადალახვა არ გვინდა, გვინდა გამარჯვება იმისთვის, რომ საქართველო ისტორიის არასწორ მხარეს არ ჩარჩეს. ახლა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არასწორ მხარესაა, რაც ჩვენმა და ჩემმა შეცდომებმაც განაპირობა. მგონია, რომ ერთიანობა მთავარი ნაწილია იმ ფორმულის, რასაც გამარჯვება ჰქვია. ამისთვის უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ გადაცემაში.