მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა დაენიშნოთ არანაკლები ხელფასები, როგორიც აქვთ ზოგიერთი მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეებს. ასევე, უნდა გადაიხედოს მათთვის შეღავათების დაწესების საკითხი, რომელსაც ისინი იმსახურებენ და ამ ეტაპზე რა აქვთ. - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ვისი ბრალია ის, რომ ასეულობით საქმე გამოუძიებელია პროკურატურაში?
- რა თქმა უნდა, ხელისუფლების.
- ვისი ბრალია ის, რომ დამნაშავე სასჯელს არ იხდის?
- რა თქმა უნდა, ხელისუფლების.
- ვისი ბრალია ის, რომ დამნაშავეების ექსტრადირების საკითხზე სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეები გადაწყვეტილებას საქართველოს სასარგებლოდ არ იღებენ? აბა, გაუბედონ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. როგორც ეს გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა ჩვენს კანონიერ მოთხოვნაზე. სამაგიეროდ დამნაშავე აგრძელებს მათივე ქვეყანაში დანაშაულის ჩადენას, ბრიტანელი პენსიონერების წინააღმდეგ.
- ვისი ბრალია ის, რომ დამნაშავეები საზღვარგარეთ თავისუფლად დასეირნობენ და არ ისჯებიან, როგორც ისრაელი აკეთებდა და აკეთებს ისრაელის ქვეყნის დამნაშავეების მიმართ.
- ვისი ბრალია ის, რომ საქართველოდან გაქცეული დამნაშავეები საქართველოში, ბიზნესს და ზოგ შემთხვევაში კრიმინალურ საქმიანობასაც კი ახორციელებენ?
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოსამართლეებზე ჯერ სანქციები დააწესა, მერე კი ეს შეუცვალა სავიზო შეზღუდვებით. რომელიმე ქვეყნისთვის მსგავსი რამ გაუკეთებია? რა თქმა უნდა არა მსოფლიოში ასეთი ქვეყანა არ მოიძებნება.
ეს შეურაცხყოფაა არა მარტო მოსამართლეების მისამართით, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე. ხალხი იმედის თვალით უყურებს მოსამართლეს და სასამართლოს, რაც ბოლო 10 წლის პერიოდში ნათლად გამოჩნდა. და, უფრო მეტიც, ეს მოსამართლეები უვადოდ არიან არჩეულნი.
არის თუ არა ეს ზეწოლა სხვა სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებელი ქვეყნის მოსამართლეებზე? სასამართლო სისტემაზე?
და თუ ეს ასეა, სახელმწიფო რას აკეთებს, ან რა უნდა გააკეთოს?
ჯერ ერთი უნდა დაიცვას ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. დაიცვას თავისი ქვეყნის მოსამართლეები და არ იყო აშშ-ს ვასალი და ბრმად ენდოს ყველაფერში, როგორც ამას ემანუილ მაკრონი აცხადებს ან შარლ მიშელი თვლის.
მე ვფიქრობ, თუ რომელიმე მოსამართლე, ერთი მაინც, მისთვის მიყენებული მორალური ზარალის ასანაზღაურებლად მიმართვას ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს, საქართველოს სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს გასაწევი სასამართლო ხარჯები. აი სწორედ იმ სასამართლოზე გამოჩნდება არსებობდა, თუ არა გამამტყუნებელი ფაქტები ამ მოსამართლეების მიმართ. და არა ის, რომ ჩვენ აქ ვიმსჯელოთ რა დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი და „გავუპრავოთ“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მათი ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მაქვს მხედველობაში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
სახელმწიფომ უნდა გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, რომ არასდროს გაგზავნის ამერიკაში, უცხოეთში მოსამართლეებს იქ დაგეგმილ ნებისმიერ ღონისძიებაზე, რომელსაც პოლიტიკური ზეწოლის ელფერი ადევს. მით უმეტეს, თუ ეს მოსამართლე უკვე არჩეულია უვადოდ.
შესაბამისად, ასეთ მოსამართლეებს არავითარი გადამზადება და პრაქტიკის გაზიარება არ სჭირდებათ. მითუმეტს, რომ სახეზეა სასამართლოზე და მოსამართლეებზე ზეწოლა და მით უფრო, როცა მოსამართლეებისთვის სახელმძღვანელო მხოლოდ საქართველოს, კონსტიტუცია და კანონებია.
საქართველოს მოსამართლეებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, პირველი პირების გარდა, არაფერი ესაქმებათ, მხოლოდ თუ დასასვენებლად წავლენ.
ხოლო იმ ქვეყნებში, ან იმ ქვეყნების ალიანსში გამგზავრების შემთხვევაში, რომელმაც საქართველოს სასამართლოს მისამართით განახორციელა ბულინგი, მასზე კონტროლის განხორციელების მიზნით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოსამართლემ სხვა მოსამართლეებს უნდა გადააბაროს მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა საქმე.
მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა დაენიშნოთ არანაკლები ხელფასები, როგორიც აქვთ ზოგიერთი მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეებს.
ასევე, უნდა გადაიხედოს მათთვის შეღავათების დაწესების საკითხი, რომელსაც ისინი იმსახურებენ და ამ ეტაპზე რა აქვთ. " - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.