26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებებთან და სტანდარტებთან დაახლოების მხარდასაჭერად.

პრიორიტეტული რეკომენდაციები მოიცავს: ამომრჩეველთა დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ხმების მოსყიდვისა და საარჩევნო ძალადობის პრევენციას; საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ყოვლისმომცველი საკანონმდებლო რეფორმას; საარჩევნო კომისიების წევრთა დანიშვნის პროცესის გადახედვას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის დომინირების თავიდან ასაცილებლად და ეფექტურობის სრულად უზრუნველსაყოფად; პოლიტიკური დაფინანსების ზედამხედველობის მკაფიო წესების შემუშავებას; მედიის მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ზომების შემოღებას; საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; სამოქალაქო დამკვირვებლებს ზეწოლისა და დაშინების გარეშე მუშაობის შესაძლებლობის მიცემას; პროცედურული გარანტიების მეშვეობით ხმის მიცემის საიდუმლოების უზრუნველყოფას.

„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შემდგომი უშუალო პრობლემების გადაჭრაში და იმუშაოს მომავალი არჩევნების გასაუმჯობესებლად ამ და წინა ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარი დასკვნების განცხადებაში, IEOM-მა დაასკვნა – მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ამომრჩევლებს 18 კანდიდატს შორის გასაკეთებელ ფართო არჩევანს სთავაზობდა, ის ჩატარდა ღრმა პოლარიზაციის ფონზე, რომელსაც ბოლო დროს მიღებული კანონის და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი ზეგავლენის გამო მზარდი შეშფოთება აზიანებდა. საარჩევნო სუბიექტებს ზოგადად შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია მაშინ, როცა კამპანიის რიტორიკა და ვიზუალური მასალა კიდევ უფრო აღრმავებდა განხეთქილებას. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ფართო მასშტაბს ინარჩუნებდა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად, შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე. საკანონმდებლო ჩარჩო ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, მაგრამ ბოლო დროს განხორციელებული ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც შეშფოთებას ზრდის კანონმდებლობის პოტენციურად პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების კუთხით.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნების სამზადისი კარგად იყო ადმინისტრირებული, მათ შორის, განხორციელდა ამომრჩეველთა ინტენსიური ინფორმირება ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ანგარიშში ასევე საუბარი საარჩევნო პროცესის გაშუქებაზე.

„ფინანსურ რესურსებს შორის არსებული მნიშვნელოვანი დისბალანსი და დაკავებული თანამდებობით სარგებლობის შეუსაბამო უპირატესობა ისედაც უთანასწორო საასპარეზო პირობებს კიდევ უფრო უთანასწოროს ხდიდა. პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით ინსტრუმენტალიზაცია ზეგავლენას ახდენდა ახალი ამბების გაშუქებაზე, რაც ამომრჩევლებს ხელს უშლიდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. პოლიტიკურ პარტიათა სიებსა და წინასაარჩევნო კამპანიაში ქალთა წარმომადგენლობის სიმცირე ნათლად წარმოაჩენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ადეკვატური ჩართულობის ინტენსიური ვალდებულების აღების საჭიროებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აქვე ნათქვამია, რომ არჩევნების დღე, ზოგადად, პროცედურული თვალსაზრისით, კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც დოკუმენტის თანახმად, უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, საქართველოში საკანონმდებლო ჩარჩო მთლიანობაში ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ის ზედმეტად რთულია, აქვს ხარვეზები და შეუსაბამობები.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის შემდეგ საკანონმდებლო ჩარჩომ 20-ზე მეტი შესწორება გაიარა, რომელთაგან ზოგიერთი იყო უკან გადადგმული ნაბიჯი.

„მათ შორის, ზოგიერთი, რომელიც მიღებულ იქნა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ფართო პარტიული მხარდაჭერის გარეშე. ასეთმა ხშირმა და ბოლო წამს მიღებულმა ცვლილებებმა ძირი გამოუთხარა სამართლებრივ სტაბილურობას და შეშფოთების საფუძველს ზრდიდა სავარაუდოდ პოლიტიკური სარგებლის მისაღებად მისი ბოროტად გამოყენების გამო, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს (OSCE) წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკას.

მიუხედავად იმისა, რომ წინა შესწორებები ითვალისწინებდა ოდირის და ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას და მიღებული იქნა საჯარო კონსულტაციების შემდეგ, უახლესი 2024 წლის ცვლილებები, მათ შორის ის ცვლილებები, რომლებმაც გააუქმეს გენდერული კვოტა საპარლამენტო კანდიდატთა სიებში და შეცვალეს ცესკო-ს შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი განმეორებით კენჭისყრაში ორი მესამედის უმრავლესობის მოთხოვნის გვერდის ავლით, შემოღებულ იქნა ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის ან ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე. ODIHR-სა და ვენეციის კომისიის მრავალი ხანგრძლივი რეკომენდაცია კვლავ გადაუჭრელი დარჩა, მათ შორის ის რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობას, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების პრევენციის ყოვლისმომცველ რეგულაციებს, საარჩევნო კამპანიისა და კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობას, მედიას და საარჩევნო დავების გადაწყვეტას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე ცესკო-ს საქმიანობაზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების ჩატარების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად წარმართა, თუმცა აქვე ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის მიმართ საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმაზე უარყოფითად იმოქმედა ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად, პირდაპირ ეთერში გადასცემდა სხდომებს და დაუყოვნებლივ აქვეყნებდა ყველა რელევანტურ მასალას და ორგანიზება გაუწია ტრენინგისა და ამომრჩეველთა ინფორმირების ინტენსიურ კამპანიებს, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის მიმართ საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმაზე უარყოფითად იმოქმედა ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრთა შერჩევისა და წარდგენისა პროცესზე კონტროლის უფლებამოსილება მმართველ პარტიას მიანიჭა, ოპოზიციის მიერ დასახელებული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებამ, გადაწყვეტილების მიღების პროცესმა და ასევე, არაპარტიულ წევრებსა და მმართველ პარტიას შორის სავარაუდო კავშირებმა. საარჩევნო კომისიებში გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის არ იყო კოლეგიალური, ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ინფორმაციის შეზღუდული გაზიარებისა და მარგინალიზაციის შემთხვევების გამო, მათ შორის არჩევნების დღის შემდეგ. ყველა დონეზე მმართველ პარტიასთან აფილიაციის ბრალდებებმა კიდევ უფრო გამოუთხარა ძირი საზოგადოების ნდობას. დადებითია, რომ ცესკო-მ გადადგა მრავალი ნაბიჯი შშმ პირთათვის საარჩევნო პროცესის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად; თუმცა, ბევრ საარჩევნო უბანზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი საკითხები გადაუჭრელი რჩება.

პირველად საარჩევნო უბნების უმრავლესობაში გამოყენებული იყო ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმების დამთვლელი და ასევე, წინასწარი შედეგების გადამცემი ელექტრონული მოწყობილობები. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ეს მიიჩნია პოზიტიურ ზომას არჩევნების დღის პროცედურების სამართლიანობისადმი ნდობის გასაზრდელად, საერთაშორისო კარგი პრაქტიკიდან გადახვევით, ცესკო-მ არ მისცა ძირითად დაინტერესებულ მხარეებს სრული წვდომა პროცესებისადმი და დოკუმენტაციისადმი, რომელიც დაკავშირებული იყო მოწყობილობებთან და შესაბამისი აუდიტის ანგარიშები გამოქვეყნდა მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას და აძლიერებს შეშფოთებას მოწყობილობების მოწყვლადობასთან და ამომრჩეველთა ვინაობის გასამჟღავნებლად პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, მოეხდინათ ამომრჩევლების ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, არჩევნების დღეს ბევრ ამომრჩეველს შეექმნა სირთულეები ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას და არ მიიღო სათანადო ინსტრუქტაჟი, რამაც გამოიწვია ხმის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დასკვნაში საარჩევნო სიებზეც არის საუბარი.

„საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მხარდაჭერის მიმღებად არიან ცნობილი და ინსტიტუციურ მეთვალყურეობაში მოთავსებული ვერ სარგებლობენ ხმის მიცემის უფლებით. ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე ან რეგისტრირებული მისამართი არმქონე ამომრჩევლები, რომლებსაც არც მოქმედი პასპორტი ჰქონდათ, ამომრჩეველთა სიიდან ამოიღეს, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ. ცესკო-მ შესთავაზა ამომრჩეველთა რეგისტრაციის მონაცემების გადამოწმებისა და შესწორებების მოთხოვნის რამდენიმე ვარიანტი, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ.

მიუხედავად იმისა, რომ ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართულ მხარეთა უმრავლესობას არჩევნების დღემდე არ გამოუთქვამს განსაკუთრებული შეშფოთება ამომრჩეველთა სიების სიზუსტისა და ინკლუზიურობის თაობაზე, თუმცა ზოგიერთი მათგანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მისამართზე მრავლობითი რეგისტრაციის რამდენიმე შემთხვევას, როდესაც კონკრეტულ მისამართზე მცხოვრები პირებისთვის უცნობი ამომრჩევლები იყვნენ რეგისტრირებული. არჩევნების დღის შემდეგ ოპოზიციამ ამომრჩეველთა მონაცემების, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მონაცემების ბოროტად გამოყენების შესახებ განაცხადა. საარჩევნო ადმინისტრაციამ უარყო ეს ბრალდებები, მაგრამ უარი თქვა მონაწილე ამომრჩეველთა სიაზე წვდომის უზრუნველყოფაზე, სამართლებრივი დებულებების არარსებობის მოტივით.

პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია მთლიანობაში ინკლუზიურად წარიმართა; ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 პოლიტიკური პარტიის სიებში 1,184 კანდიდატი დაარეგისტრირა. თუმცა ხანგრძლივი ბინადრობის მოთხოვნა, კანდიდატად დარეგისტრირების უფლებაჩამორთმეული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მსჯავრდებული არიან და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის რეგულაციების ნაკლებობა, ეწინააღმდეგება ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკას. გარდა ამისა, ODIHR-ის წინა რეკომენდაციებთან საპირისპიროდ, ოფიციალური კამპანიის პერიოდი დაიწყო კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებამდე ერთი თვით ადრე; ამ პერიოდების გადაფარვამ გამოიწვია დავა მედიაში უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებით და ფინანსური ანგარიშგების პერიოდებში შეუსაბამობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.