"ტკივილი ასატანია, ბოროტება - აუტანელი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვპირდები მათ - არცერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ!"-ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოპოზიციური ლიდერების მიერ გავრცელებულ ინგორმაციას.

"მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ის ქნან.

ტკივილი ასატანია, ბოროტება - აუტანელი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვპირდები მათ - არცერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ!

„სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია“:)

რუსთავის ქალთა ციხე

17/06/2026"- წერს ელენე ხოშტარია.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა. მათივე ცნობით, ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.