ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული - „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.
კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2025 წლის პირველ ნოემბრამდე ახორციელებდნენ მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანას „A“ კატეგორიის ნებართვის საფუძველზე, ან ნებართვის გარეშე და არ ჰქონდათ გადახდილი ნებართვის გაცემის ფასი, რის გამოც მათ მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135⁴ მუხლის საფუძველზე დაკისრებული იყო ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა და/ან შესაბამისი საურავი.
მაია ბითაძის განმარტებით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, 29 ათას საქმეზე აღსრულება ან წარმოება მიმდინარეობს. 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანობაში 8 მილიონი ლარია დაუფარავი სანქციები, რაც მოიცავს როგორც გადაუხდელ ჯარიმებსა და საურავებს, ისე გასაჩივრებულ და აღსასრულებლად გადაცემულ, მაგრამ ჯერ კიდევ განუხორციელებელ სამართალწარმოებებს.
კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, ეს პირები გათავისუფლდებიან დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის – ჯარიმის და საურავისგან.
როგორც მომხსენებელმა აღინიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთჯერად, გამონაკლის და ჰუმანურ მიდგომას იმ პირების მიმართ, ვინც მოცემულ პერიოდში გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულა სანებართვო ფინანსური ვალდებულება.









