კომიტეტის წევრებს ცვლილებები მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის განხილვა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე ინტერნეტპროვაიდერების მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე დაბრუნდა. შენიშვნები კანონის აღსრულებაში მათ როლსა და მონაწილეობას შეეხებოდა.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, კანონპროექტის თავდაპირველი რედაქცია შუალედური მომსახურების ყველა მიმწოდებელს ავალდებულებდა „შეტყობინება-აღების“ პრინციპის დაცვას, რაც საავტორო ან მომიჯნავე უფლებების დარღვევის აღსაკვეთად იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამგვარი ვალდებულების შესრულება შუალედური მომსახურების მიმწოდებელს ტექნიკურად შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არამარტო ინფორმაციის გამავრცელებელს, არამედ მის მასპინძელს - ე.წ. „ჰოსტინგს“ წარმოადგენს.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში დარღვევად მიიჩნევა არა ყველა შუალედური მომსახურების მიმწოდებლის, არამედ მხოლოდ „ჰოსტინგის“ მიმწოდებლის მხრიდან „შეტყობინება-აღების“ ვალდებულების დარღვევა“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მისვე თქმით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებები საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელისთვის დამატებითი მექანიზმია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის გარეშე, თავად შუალედური მომსახურების მიმწოდებელსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მოხდეს შეტყობინება და ამ შეტყობინების საფუძველზე ინფორმაციის აღება ან მასზე წვდომის შეზღუდვა ელექტრონული რესურსებიდან.