ნებისმიერ საკითხზე პროტესტის გამოხატვისთვის, ხელოვანებს ძალიან კარგი ფორმა აქვთ - ესაა მათივე ხელოვნება, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებულ მოვლენებს.
„ხელოვნება საზოგადოებისთვის სწორედ იმიტომაა ამოსავალი წერტილი და მნიშვნელოვანი, რომ სხვა კუთხით დაანავხონ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებული პროტესტი. ხოლო ეს ჩვეულებრივი ხულიგნობა, რომელიც კანონით ისჯება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. საქართველოში კანონის უზენაესობა დაცულია და ამას სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი ქმედებები მოჰყვება. ამ ხელოვანს თავისი პროტესტის გამოხატვა თუ ასე ძალიან სურდა, ხელოვნების იმ დარგისთვის უნდა მიემართა, რომელშიც საქმიანობს. მას ამის გამოხატვის საშუალება ჰქონდა. ქალბატონმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა მას ამისთვის ძალიან კარგი საშუალება შეუქმნა - დაუთმო საგამოფენო სივრცე, სადაც შეეძლო, დაეფიქსირებინა ყველა ის პროტესტი, რომელიც აწუხებს“, - აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.
ცნობისთვის, 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.