პროვოკაციაზე წამოაგეს და ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, "გახარია - საქართველოსთვის" ყოფილმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, ჯერჯერობით, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან პარტნიორს არ გაუკეთებია პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან.
„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევთ, რომ ძალადობრივად იმოქმედონ და ვიღაცები დაიჭირონ. ეს ლეგიტიმაცია მოიპოვეს, ამ პროვოკაციაზე წამოაგეს, ეს პროვოკაცია აძლევთ მათ საშუალებას და ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი. ამ პროვოკაციით შეიქმნა. ძალიან რთულია, ასე მარტივი არ არის. რამხელა ბრძოლა დაგვჭირდა, რომ საერთაშორისო აღიარება ყოფილიყო იმ პოლიტპატიმრების, რომლებიც არიან. მართლა უზარმაზარი ბრძოლა იყო მაშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოპოზიციასა და ხელისუფლების რეჟიმის მომხრეებს შორის, უზარმაზარი ბრძოლა მოვიგეთ, რომ დაფიქსირებულიყო და დარქმეოდა ამას ყველას პოლიტპატიმარი.
დღეს ძალიან რთული იქნება ამის გამეორება და ჯერჯერობით, რაც მე ვიცი, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან ჩვენს პარტნიორს ასეთი პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან, არ გაუკეთებია, ეს პრობლემურია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ცნობისთვის, შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა
შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა 14 პოლიციელი. ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს