26 ოქტომბერს, ამ რეფერენდუმზე, რომელიც რეალურად მართლა რეფერენდუმია და ასარჩევია ან ომი ან მშვიდობა, მათ კიდევ ერთხელ საზოგადოება განაჩენს გამოუტანს და ისინი მწარედ დამარცხდებიან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაიმარჯვებს საქართველო და დამარცხდება რადიკალური ოპოზიცია.
„ჩვენ გვახსოვს თინა ბოკუჩავას განცხადებები დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, გვახსოვს როგორი მიუღებელი იყო რადიკალური ოპოზიციისთვის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი შეერთებულ შტატებში. მანამდეც, წინა არჩევნების დროს, როგორ ლანძღავდნენ ბოლო სიტყვებით და დღეს როდესაც ნახეს, რომ რეალურად შეერთებულ შტატებში ტრამპის მხარდაჭერა ძალიან მაღალია და არის მაღალი ალბათობა, რომ სწორედ „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ, როგორ ჩაბრძანდა იქ, დაჯდა იქ და მოუსმინა ამ ყველაფერს და საკმაოდ რაფინირებული ფრაზებით საზოგადოებას აცნობა, თუ როგორი მხარდაჭერით არის ამ კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ განმსჭვალული.
ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა რეალურად როგორ უპრინციპო, ამორალურ ძალებთან აქვს საზოგადოებას საქმე.
სწორედ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ელისაშვილისა და „ლელოს“ იმ დიდ ქორწინებაზე, რომელიც შედგა. დიდი პოლიტიკური ბედნიერება დადგა ქართულ რეალობაში, როდესაც ეს ორი „უმსხვილესი“ პოლიტიკური გაერთიანება როგორღაც შეერთდა და არჩევნებისთვის „მძლავრი“ პოლიტიკური ოპოზიციური ძალებით გამოვლა. ეს ხუმრობით და გაშარჟებით. რა თქმა უნდა, ალეკო ელისაშვილის და „ლელოს“ გაერთიანება, ნულს რომ ნული მივუმატოთ, ან ნული რომ ნულზე გავამრავლოთ, რას მივიღებთ, რომელ მათემატიკურ ნიშანს მივიღებთ, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. ასე, რომ როგორც სურთ, უნდათ ყველა ეს ნულს ქვემოთ არსებული რეიტინგის მქონე პარტიები ერთად გაერთიანებულან, უნდათ ცალ-ცალკე იყვნენ პოლიტიკურ წინასაარჩევნო კამპანიაში, საბოლოოდ შედეგი არის ერთი - 26 ოქტომბერს, ამ რეფერენდუმზე, რომელიც რეალურად მართლა რეფერენდუმია და ასარჩევია ან ომი ან მშვიდობა, მათ კიდევ ერთხელ საზოგადოება განაჩენს გამოუტანს და ისინი მწარედ დამარცხდებიან. გაიმარჯვებს საქართველო და დამარცხდება რადიკალური ოპოზიცია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.