„ციხეს საერთოდ რათ უნდა რკინის კარები“ - ამ განწყობას მიტოვებს თქვენი დამოკიდებულება,- ასე მიმართა „ტვ პირველის“ ეთერში „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ „გირჩის“ დეპუტატს, ვახო მეგრელიშვილს.
„თქვენ თვითონ ამბობთ იმას, რომ პედოფილები შეიძლება ამ წუთში არ სხედან იქ, მაგრამ თუ ისხდებოდნენ მათ შეეხებოდათ. ამნისტია მარტო ის კი არ არის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ შემთხვევაში და პოლიტიკურ მოცემულობაში საზოგადოება თანხმდება, რომ ესა და ეს კატეგორია ადამიანებისა პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე გარეთ გამოდის.
გეთანხმებით, რომ არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და ძალიან ბევრი ადამიანი არის შესაძლოა საპატიმროში. ნარკოპოლიტიკა არ არის ჰუმანური და შესაბამისად, ბევრი ადამიანია ამ კუთხით, მაგრამ ეს პრინციპი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ასეთ ჰარიჰარალო დამოკიდებულებამდე მივიდეთ - ციხეს საერთოდ რათ უნდა რკინის კარები, ამ განწყობას მიტოვებს თქვენი ეს დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ეს არ არის სერიოზულად მომზადებული საკითხი. ისე მოხდა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან სრულად არ აღმოჩნდა შეთანხმებული, თქვენ ამბობთ, რომ ქართულ ოცნებასთან არ არის შეთანხმებული, ეს არის ფუჭი გასროლა და დისკრედიტაცია ამნისტიის“, - ამბობს ჩიხრაძე.
ცნობისთვის, „გირჩის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის აქტი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც თავისუფლების უვადოდ აღკვეთა აქვთ მისჯილი. მათ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით. აღნიშნულ ვადას უკვე მოხდილი წლები გამოაკლდება.
ამავე პროექტით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც “სისხლის სამართლის კოდექსის“ 273/1-ე და 265-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გარდა ამისა, სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, სამოხელეო და ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაული.
¼-ით შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.