კახეთში, გომბორის უღელტეხილზე მიმდინარე ფოლკლორულ ფესტივალზე ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.
უცნობია კონფლიქტის მიზეზი.
დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს ღვიძლი აქვს დაზიანებული. შესაბამისი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო, მისი მდგომარეობა რთულია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.