დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ესაა ბრძოლა მოსახლეობის დიდი ხნის ნატვრის - საქართველოს გაერთიანების ასასრულებლადაც, რომლის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. ამ საკითხზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულება, ივანიშვილის შეფასებით, ნათლად წარმოაჩენს მათ მიზანს - საქართველო მუდმივად დაპირისპირების რეჟიმში იყოს.
„ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლადაც - კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი!
ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს – საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.
26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.