უკვე 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაშორეთ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული, ჩვენი ხალხის მჩაგვრელი და უცხო ძალების მსახური დამნაშავე აგენტურა. ყველა ჩვენგანს გვახსოვს და ვიცით, რომ იმ წარმოუდგენელი ბოროტების წინააღმდეგ გამარჯვება მხოლოდ თავდადებით და უკომპრომისო ბრძოლით იყო შესაძლებელი. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაგრამ რა თქმა უნდა მთავარი ფაქტორი, რამაც თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ხალხს ამ ბოროტებასთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვების ძალა მისცა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადების და თავგანწირვის პირადი მაგალითი გახდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩვენი ლიდერის წინამძღოლობით სამუდამოდ წარსულში დავტოვეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, ხალხის ტერორი და შიში, ქართველი ხალხის ღირსების შელახვა, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის ჩახშობა, მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა, პატიმრების წამება და ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვა, რაც მთავარია - ომი, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, რაც უპატიებელი ღალატია ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე!- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.