მოგესალმებით პატარა კახის, დიდი ერეკლეს შთამომავლებს, საქართველოს უანგარო პატრიოტებს! კახეთი, ჩვენი ქვეყნის ეს დალოცვილი კუთხე, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ასე იყო უწინაც, ასე არის ახლაც! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფაგრლებში თელავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივ მოსახლეობას.
მისი განცხადებით, დღეს რომ საქართველო ცოცხალია, ამაში კახელებს დიდი წვლილი მიუძღვით, ვინაიდან ისინი საუკუნეების განმავლობაში, გმირულად იცავდნენ საკუთარ სამშობლოსა და სარწმუნოებას.
„საუკუნეების განმავლობაში, ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას, გმირულად იცავდით ჩვენს მიწა-წყალსა და სარწმუნოებას.
დღეს რომ საქართველო ცოცხალია და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, ამაში თქვენი ლომის წვლილია.
ისტორიულმა ქარტეხილებმა კახელებს მებრძოლი სული და უდრეკი ბუნება ჩამოგიყალიბათ, მაგრამ გენიალური ფიროსმანის პერსონაჟებივით ნათელ და ნამდვილ ადამიანებად დარჩით, კახური მრავალჟამიერივით ძარღვიან, ღირსეულ ქალებად და კაცებად!“ - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას.