ღვინის სამშობლოში ამაზე უარესი თითქოს რაღა უნდა მომხდარიყო, რომ ქართველ კაცს, მითუმეტეს კახელს, ვაზის მოვლაზე აეღო ხელი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაცილებით უარესიც შეძლო - ტერორითა და სიღარიბით დაძაბუნებულ ქვეყანას ომის უბედურება დაატეხა თავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებელია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი, ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით და ჰაიდი ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, თავადვე აღიარა ომის დაწყება.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ დღეს არც ერთი მათგანი არ ცდილობს, სამშობლოს ღალატი უარყოს, ვინაიდან მათი ნამოქმედარი ნათლად ჩანს, შესაბამისად, ამ დანაშაულის შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება.
„უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, სწორედ მათ სინდისზეა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი ტრაგედიაზე, რაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ტერიტორიების დაკარგვის ფასად დაგვიჯდა!
ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი ცნობილ რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა! დღეს, არც ერთი მათგანი არ ცდილობს სამშობლოს ღალატის უარყოფას, რადგან იმდენად ნათელია მათი ნამოქმედარი, რომ უტიფრობით ცნობილი ომის პარტიის წევრები თითქოს შეეგუვნენ საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში მხილებას.
ამ დანაშაულის უგულებელყოფა და შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გაიმართება წელში, თუ ამ ღალატს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკურად მათ უკვე გაიფორმეს ომის დაწყების დანაშაული ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ხოლო როდესაც აღარ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში, არჩევნებში გამარჯვებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცესი დაიწყება.“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.