ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიან ნაციონალური მოძრაობა - თავისუფლების კვარტალი"-ს, უმრავლესობა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებას, სპეციალური ღია წერილით ეხმიანება და მიიჩნევენ, რომ პარტიაში ერთიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და მენეჯმენტის ცვლილება, რაც ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე უნდა მოხდეს. ფრაქციის წევრები, წერილში წერენ, რომ თუ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ფორმაში გავა არჩევნებზე ის განწირულია მარცხისთვის.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ახალი მენეჯმენტის მხრიდან პარტიაში განხორციელებული პროცესები ცხადყოფს, რომ ყველაფერი მიმართულია პარტიის დაშლისკენ და არა ერთობისკენ. არავინ, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტიც კი არ უარყოფს რომ პარტიაში არის პრობლემები. პოლიტიკაში ნებისმიერი კრიზისი, მათ შორის ისეთი ღრმა, როგორიც ახლა არის პარტიაში, გადაიჭრება დემოკრატიული პროცესების შედეგად მოტანილი ცვლილებებით. თუ პარტია ამ ფორმაში გავა არჩევნებზე ის განწირულია მარცხისთვის. თუ ჩვენ მართლა გვინდა მიზნების გასწორება, უნდა ვფოკუსირდეთ ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნების დასამარცხებლად. ამისთვის საჭიროა პარტია ნაციონალირი მოძრაობა არჩევნებს შეხვდეს პოლიტიკურად კარგ ფორმაში, მოქმედი მენეჯმენტის და თავმჯდომარის ხელში ეს უკვე წარმოუდგენლად მიაჩნია ჩვენი ამომრჩევლის უმრავლესობას. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიან ნაციონალური მოძრაობა - თავისუფლების კვარტალი"-ს, უმრავლესობას, ერთიანობის შესანარჩუმებლად აუცილებლად მიგვაჩნია პარტიის თავმჯდომარის გადადგომა და მენეჯმენტის ცვლილება ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე. ნოდარ დუმბაძე - ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა ქობულაძე - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ბაჩი მექვაბიშვილი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ნაცარაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ილია ჯინჭარაძე - ფრაქციის წევრი ქეთი ლასტაკანიძე - ფრაქციის წევრი ეკა ზარია - ფრაქციის წევრი“,-ნათქვამია, გავრცელებულ ღია წერილში