ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე გავრცელდება.

შესაბამის დათქმას „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

კანონპროექტში დაკონკრეტებულია, რომ სპეციალური დათქმის არარსებობა მაგისტრატურის საფეხურისთვის, კრედიტების ცვლილებების ამოქმედების საერთო ვადიდან გამომდინარე, წარმოშობს სამართლებრივ მოცემულობას, რომლის მიხედვითაც, ამ საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების ცვლილება გავრცელდება 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე. პროექტში აღნიშნულია ისიც, რომ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის თაობაზე კრედიტების რაოდენობა არ შეცვლილა და პროგრამის ხანგრძლივობა კვლავ არანაკლებ სამ წელს შეადგენს.

„კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა დაზუსტდეს კანონის გარდამავალი დებულება და მკაფიოდ განისაზღვროს, რომ კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრული კრედიტების რაოდენობის ცვლილება ვრცელდება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში. ამ რეგულაციის პრაქტიკული იმპლემენტაცია, კერძოდ, 2025 წლის 1-ელი სექტემბრის შემდეგ ჩარიცხულ მაგისტრანტებთან მიმართებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის. კერძოდ, სტუდენტები უკვე სწავლობენ მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე, სადაც პირველ სემესტრშივე გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტები და სტუდენტებს უკვე ათვისებული აქვთ პირველი სასწავლო წლის 30 კრედიტი, ხოლო საგაზაფხულო სემესტრი დაგეგმილია და მიმდინარეობს არსებული კურიკულუმების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით პრობლემურია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტაცია შეცვლილ კრედიტების რაოდენობასთან“, – ნათქვამია პროექტში.