ბიძინა ივანიშვილმა 2011-2012 წლებში ამაზე ბევრად მეტ ზეწოლას გაუძლო, ვინც კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ მუქარებით მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წლებია უკვე ისმის გზავნილი, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი დაანებოს საქართველოს ინტერესების დაცვას

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აღებული აქვს ქვეყნის წინაშე, ვერ დააკისრებს ვერცერთი ცალკე აღებული ამ კონფერენციის მონაწილე. მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის წინაშე და სწორედ ამიტომ, საქართველომ შეძლო ამ წლების განმავლობაში გაეძლიერებინა დემოკრატია, დაებრუნებინა ქვეყანაში ევროპული პერსპექტივა, მშვიდობა, უსაფრთხოება და სუვერენიტეტი. შესაბამისად, არ მესმის რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს ამ კონფერენციის რომელიმე მონაწილე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს აღებული თავისი საზოგადოების, ქვეყნის წინაშე ამ კონფერენციის ვერცერთი მონაწილე მას ვერ დააკისრებს.

ეს გზავნილი უკვე წლებია ისმის. ეს არის პირდაპირ მუქარა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ მან თავი უნდა დაანებოს საქართველოს ინტერესების დაცვას, თავი უნდა დაანებოს ქვეყნის ევროპული ინტერესებისთვის ბრძოლას, საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, მშვიდობას. ეს არის ფარული მინიშნება, რომ საქართველომ არჩევნების გვერდით ავლით, ამ ხალხის მიერ მართული მარიონეტები და ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები დააბრუნოს ხელისუფლებაში. ჩვენ ამას არასდროს არ დავეთანხმებით და არც საზოგადოება დაეთანხმება, რომ მას ვინმემ ჩამოართვას არჩევანი. რაც არ უნდა მუქარები იყოს, ამაზე ბევრად მეტ ზეწოლას გაუძლო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2011-12 წლებში, შემდეგ წლებშიც და ვინც მას კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის მუქარებით, გავლენის მოხდენა მის გადაწყვეტილებებზე არის შეუძლებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, განაცხადა: „მე, წლებია, ვამბობ, რომ დროა, ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცეს და კვლავ ასე მიმაჩნია“.