ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს მედია და მედიის შემოთავაზებული ფორმატებიდან გამომდინარე ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას და დებატებშიც, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა პირობებით არის მზად ხელისუფლება დებატებისთვის, რა თემებზე და ვისთან გეგმავს დებატებს.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ- მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წლების განმავლობაში ყველას საჯარო ფორმატში სთავაზობდნენ დისკუსიას, დებატებს და გვახსოვს ორი ადამიანის განცხადება, თანხმობა, კი, ჩვენ მივალთ და დავჯდებით დებატებზეო და რა დღეში ჩააგდეს მერე „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულმა ადამიანებმა. ესეც გვახსოვს, ხომ? ჩვენთვის მთავარი არის, რომ ჩვენ ვესაუბრებით ქართულ საზოგადოებასაც და დისკუსიის ფორმატშიც კიდევ ერთხელ გავიტანთ ნებისმიერ საკითხი. მოდით, ვისაუბროთ ასე, ვნახოთ, რას შემოგთავაზებს მედია და მედიის შემოთავაზებული ფორმატებიდან გამომდინარე ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას და დებატებშიც, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეკითხვაზე, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ დავალება, რათა ყოფილიყო მხოლოდ შეურაცხყოფები, მაყურებელს არ მოესმინა საგნობრივი დისკუსია, შექმნილიყო ხელოვნურად პოლარიზაცია, დაძაბულობა, ქაოსი და ა.შ, რა შეიცვალა წლების შემდეგ დებატების თვალსაზრისით, რადგან ახლა სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არის პოლარიზებული და რას ემყარება მმართველი გუნდის შეთავაზება-წინადადება ოპონენტების მისამართით, გორდულაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალისთვის, მთავარი არის საქართველოს მოქალაქე.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქის მომავალზე, ხვალინდელ დღეზე და ეს გარედან თავს მოხვეული დაპირისპირება, ერთმანეთისადმი განსხვავებული აზრის გამო უპატივცემულობა და პირდაპირ შეურაცხყოფა, ზიზღი, ღვარძლი, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე თუ იღებს სარგებელს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. განსხვავებული აზრები, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს და ექნება მომავალშიც და მთავარია, კამათსა და დისკუსიაში დაიბადოს ჭეშმარიტება. ჩვენ გვაქვს ჩვენი სიმართლე, რომლის უკანაც დგას 1 120 000-ზე მეტი ამომრჩეველი და სწორედ ამ სიმართლის გამო გვიჭერს მხარს უკვე მეათე არჩევნებია. უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზუსტად იგივე რაოდენობის მხარდამჭერი გვყავს, რაც დაფიქსირდა 2015 წელს მუნიციპალურ არჩევნებში. ამ სიმართლის ფონზე სხვასაც აქვს თავისი განსხვავებული მოსაზრებები და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ. არა ისე, როგორც ეს იყო 2023 წელს, ან 2024 წელს, როცა მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პირდაპირ დირექტივა ჰქონდათ მიღებული, რომ არავითარი შინაარსი, არავითარი კონკრეტიკა, პირდაპირ უნდა ვისაუბროთ, რომ რაღაც კონკრეტული კანონი არის რუსული და დამთავრდა, ერთი დიდი წერტილიო”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.